ოთარ დანელიას ინფორმაციით, სეტყვამ კახეთში დაახლოებით 2000 ჰექტარი ვენახი დააზიანა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გახლავთ 100%-იანი გარანტი, ის შეიძლება 80-90%-იანი პრევენციის საშუალება იყოს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელიც კახეთში იმყოფება და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, გუშინ სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოფლის-მეურნეობის კუთხითაც. "წუხელ შეიკრიბა შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია და მივიღებთ ინფორმაციას ციფრებთან დაკავშირებით, დაახლოებით, რა პროცენტული მაჩვენებლები გვექნება. დათვლა მიმდინარეობს. საუბარია, რომ შესაძლოა, ზოგადად, 1500-დან 2000 ჰექტრამდე ვენახი იყოს დაზიანებული. ეს არის პირველადი ოპერატიული ინფორმაცია, აქედან დიდი ნაწილი არის დაზღვეული, ზუსტი ციფრები გვექნება დღის ბოლოსთვის", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე - დაუზღვეველი ვენახების შემთხვევაში, რა იქნება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა, დანელიამ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლებამ გაატარა და ყველას ურჩია, რომ ვენახები დააზღვიონ. "ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. იცით, რომ ჩვენ ვასუბსიდირებთ დაზღვევას, სახელმწიფო იხდის დაზღვევის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე 14 მილიონის ფარგლებში დაჯდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, თითო ჭურვი დაახლოებით, 300 ევრო ჯდება და საერთოდ ჯამში, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხალხმა მაქსიმალურად დააზღვიოს და მინიმუმამდე იყოს რისკები დაყვანილი, თუმცა არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გახლავთ 100%-იანი გარანტი, ასეთი რამ არ არსებობს, ეს შეიძლება 80-90%-იანი პრევენციის საშუალება იყოს და შესაბამისად, ყველას ვურჩევ, რომ დააზღვიოს. ვისაც დაზღვეული არ აქვს, ვერ გეტყვით, ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ჩვენ ამით მოვხადენთ დაზღვეულების დისკრედიტაციას. ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ჩვენ შეიძლება სხვა რამე მიმართულებაზე ვიფიქროთ, თუმცა ახლა ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით", - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხდა გუშინდელი სეტყვის პრევენცია, დანელიამ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაწილობრივი პრევენცია მოხერხდა. "დაახლოებით, 50-მდე ჭურვი იქნა გასროლილი, თუმცა სეტყვა უკვე ფორმირებული იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. გუშინწინაც ანალოგიური რისკი იყო, მაშინ, პრაქტიკულად, 100%-იანი პრევენცია და თავიდან აცილება მოხდა, მაგრამ გუშინ ვინაიდან უფრო მძიმე ნალექი იყო, პრევენცია მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა, მაგრამ მაინც ჩამოიცალა და სრულფასოვანი პრევენცია ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმის, რომ "დელტა" მთელი საღამოს მანძილზე მუშაობდა და გვაწვდიდა ინფორმაციას", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე – რატომ ვერ მოხერხდა სრულფასოვანი პრევენცია და ვისი დანაშაული იკვეთება, დანელიამ განაცხადა, რომ "დანაშაული არის ბუნების". "საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ფორმირებული სეტყვა შემოვიდა. ტექნიკური სპეციფიკაა, ამის ერთი სიტყვით ახსნა რთულია. როდესაც ხდება ფორმირება, პროცესში მიმდინარეობს დამუშავება, რომ მოხდეს პრევენცია, მაგრამ როდესაც უკვე ფორმირებული შემოდის საზღვარზე, იმას რაც ფორმირებულია, ვერც ერთი ჭურვი ვერაფერს უშვება. სხვა ჭურვებმა ის პოტენციური კერები დაამუშავეს, სადაც შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი განვითარება ყოფილიყო", - განაცხადა დანელიამ.