Warner Brothers-ი საქართველოთი აღფრთოვანებულია

Warner Brothers კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კომპანიაა,

რომელმაც საქართველოში, Nunki Entertainment-თან ერთად, ცოტა ხნის წინ დაასრულა დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა. ფილმი საქართველოში ჩამოსული ორი პოპულარული სატელევიზიო სახის მოგზაურობას ასახავს. ფილმს მოგზაურების თავს გადამხდარი თავგადასავლების შესახებ ჰოლანდიური ტელევიზია შეიძენს და მას უცხოელი მაყურებელი იხილავს. კომპანია Warner Brothers -ის წარმომადგენლები კი, შესაძლოა, იანვარში ან თებერვალში საქართველოში ახალი პროექტით დაბრუნდნენ.

დოკუმენტური ფილმი საქართველოში მოგზაურობის შესახებ, დაახლოებით, ერთსაათიანი უნდა იყოს, თუმცა როგორც Nunki Entertainment -ის დირექტორი, ნინო აგლაძე აღნიშნავს, გადამღები ჯგუფი საკმაოდ დიდი მასალით წავიდა საქართველოდან: "ეს ფილმი ერთ საათამდე უნდა გამოვიდეს, მაგრამ მათ 700 საათის მასალა წაიღეს და შეწუხებულები იყვნენ, არ ვიცით აქედან რა უნდა ამოვჭრათ, რადგან საუკეთესო მასალააო", - აღნიშნა ნინო აგლაძემ ambebi.ge-სთან საუბრისას.

ჯგუფმა გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აწარმოა და ქართული ფესტივალი "არტ-გენიც" მოინახულა: "გადაღებები თბილისიდან დავიწყეთ, შემდეგ გაგრძელდა დავით გარეჯში, თუშეთში, ომალოში, ომალოდან ისევ თბილისში დავბრუნდით, შემდეგ გორი, ხარაგაული, ქუთაისი, მესტია, უშგული, ბათუმი. ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წავიდნენ. აღფრთოვანებულები იყვნენ ქვეყნით, ბუნებით. ჯგუფისთვის

ყველაზე საინტერესო გარემო თუშეთში აღმოჩნდა. მათთვის გამაოგნებელი იყო ცვლილებები - როგორ იცვლებოდა ყოველ 100 კილომეტრში ბუნება, ცხოვრების წესი, ადამიანის ხასიათი და ასე შემდეგ. ჩამოსვლის პირველი დღე "არტ- გენის" ფესტივალს დაემთხვა. პირველი წარმოდგენები ქართულ კულტურასთან დაკავშირებით სწორედ ამ ფესტივალის საშუალებით შეექმნათ. ემოციებით დატვირთულები წავიდნენ", - აღნიშნა ნინო აგლაძემ.

განსაკუთრებული მიზეზი, რის გამოც გადამღები ჯგუფი საქართველომ დააინტერესა, ქართული ლანდშაფტის მრავალფეროვნება და გადაღებების ნაკლები ფინანსური დანახარჯებით წარმოების შესაძლებლობაა. ნინო აგლაძის თქმით, ასეთი დიდი კომპანია პირველად შემოვიდა საქართველოში და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის.

გადამღები ჯგუფი ქართველების პროფესიონალიზმმა, ქართულმა კერძებმა, განსაკუთრებით კი, ქართულმა ღვინომ მოხიბლა:

"თქვეს, ასეთი პროფესიონალიზმი, რაც აქ დაგვახვედრეთ, ჩვენთანაც ჭირსო. ძალიან მოიხიბლნენ ღვინით, განსაკუთრებით, სახლში დამზადებული ღვინო მოეწონათ. საკვებითაც მოხიბლულები დარჩნენ. როდესაც ვთხოვეთ, გამოეთქვათ რამე პრეტენზია ან შენიშვნები მუშაობის პროცესთან დაკავშირებით, ასე გვიპასუხეს: All the best", - აღნიშნა ნინო აგლაძემ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE