იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-ივლისის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1269 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ აშშ დოლარს (11 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1724 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 340 მლნ აშშ დოლარი იყო (0,4 %-ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1383 მლნ აშშ დოლარი (3 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 % შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27% და იმპორტში 32% (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34% (2014 წლის იანვარ-ივლისში 32 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივლისში 1557 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 23%-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 492 მლნ აშშ დოლარი (44 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1065 მლნ აშშ დოლარი იყო (6 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28% იყო, მათ შორის ექსპორტში 39% და იმპორტში 25% (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში 8 პროცენტი).

2015 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 38 % შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (870 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (468 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (421 მლნ აშშ დოლარი). საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 149 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 130 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 110 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 % შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ივლისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 406 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 371 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9% იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 280 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7%).