"თუ ვინმე მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის მომარაგებას დაიწყებს, აუცილებლად დაზარალდება"

ქადაგიძის საბოტაჟი ისევ გრძელდება,- ამის შესახებ საზოგადოება 20/30-ის წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

bpn.ge დუნდუას  პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ქადაგიძის საბოტაჟი ისევ გრძელდება, ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება 1 მილიარდ 115 მილიონამდე ასწია, შესაბამისად, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ (რეფინანსირებას მინუს სადეპოზიტოები) ერთ დღეში 60 მილიონით სარეკორდო საზღვრამდე გაიზარდა და 735 მილიონი შეადგინა. დღეს ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორები ლარის გასამყარებლად აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეროვნული ბანკი კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას. ნაცნობი სურათია, ზუსტად იგივე მოიმოქმედა სებ-მა მაისში, როცა კურსი 2, 36-მდე გააფუჭა. მაგრამ, რადგან ეს ხელოვნური პროცესი იყო, ბუნებრივია, გაფუჭებული კურსი დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მაისის ბოლოსთვის 1 დღეში ლარის ფასი 2 .33-დან 2, 25-მდე "მოულოდნელად" მკვეთრად გაუმჯობესდა. იგივე განმეორდება ახლაც. თუ ვინმე მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის გამალებულ მომარაგებას დაიწყებს, აუცილებლად დაზარალდება,"- წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.