კახეთის გუბერნატორის თქმით, ფშაველი-ომალოს გზის გაწმენდით სამუშაოებს კიდევ ორი დღე დასჭირდება

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ფშაველი-ომალოს გზის გაწმენდით სამუშაოებს კიდევ ორი დღე დასჭირდება.

როგორც კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, ამჟამად იგი იმყოფება სოფელ ომალოში, სადაც თუშეთთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად ჩახერგილია და ადგილზე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. "საგზაო სამსახურები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს შესაძლოა, მოძრაობა აღდგეს. თუმცა, ფიქრობს, რომ სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია და ამისათვის ორი დღე იქნება საჭირო. აქ სიტუაცია აბსოლუტურად სტაბილურია. ტურისტი, დამსვენებელი აქ ბევრია. მათ ნაწილს დღეს სურდა უკან დაბრუნება, თუმცა ორი დღით გაუხანგრძლივდებათ დასვენება. საკვებისა და ელექტროენერგიის პრობლემები არ არის, იქედან გამომდინარე, რომ აქ ყველა სასტუმრო და ყველა ოჯახი მზის ბატარეებით არის აღჭურვილი. ყველა სახელმწიფო უწყებასთან მაქვს კონტაქტი. შევქმენით შტაბი. ყველა მიმდებარე სოფლები და სასტუმროების მფლობელები გაფრთხილებული არიან, რომ ომალოში გუბერნატორი იმყოფება და თუ რაიმე გაუჭირდებათ, მომმართონ", - დასძინა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ადგილზე ფერდობებიდან მიწის ჩამოშლა გამოიწვია. ამ მომენტისთვის მათთვის ორი ასეთი ადგილია ცნობილი - ე.წ აბანოებთან და "რეინჯერების სახლთან". "რეინჯერების სახლსა და ე.წ აბანოებს შორის კიდევ თუ არის მეწყრული უბნები, ჩვენთვის უცნობია. ორივე მხრიდან მუშაობს ტექნიკა. სანამ სამუშაოები არ დასრულდება, რთულია ვთქვათ, რამდენი ადგილია დაზიანებული", - დასძინა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, მან თუშეთის ყველა სოფელი შემოიარა. ჯერჯერობით პრობლემებით მას არავინ დაკავშირებია. ირაკლი შიოლაშვილმა ასევე მიმართა იმ დამსვენებელთა ახლობლებს, რომლებიც თუშეთში იმყოფებიან, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან იქ მშვიდი გარემოა. მისივე თქმით, ადგილზე მხოლოდ "ჯეოსელის" გადამცემი ანძები მუშაობს. გუბერნატორმა ასევე დასძინა, რომ თუშეთობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, დღესასწაულის გამართვა ერთი კვირით გადაიდო, რათა ყველა მგზავრის უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოფილი იყოს.