უცხოელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმირება სავალდებულო ხდება

მთავრობამ შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით მოწყობასა და ურთიერთობებზე ახალი რეგულაციები დაამტკიცა.

პირველი ნოემბრიდან უცხოელი პირის დაქირავება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ის კი მხოლოდ წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს.  მთავრობის დადგენილების მიხედვით, დამსაქმებელთან შრომითი მოწყობის უფლება მხოლოდ საქართველოში კანონიერად მყოფ იმიგრანტს ექნება.  ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, უცხოელის დასაქმების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შეტყობინება გაუგზავნოს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს დასაქმებულის პროფესიის, სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემებს. შრომითი ხელშეკრულება დაიდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით.

დადგენილება განსაზღვრავს შრომითი იმიგრანტის გარანტიებსა და უფლება-მოვალეობებს. მისი ძირითადი ამოსავალი პრინციპია, რომ უცხოელი დასაქმებული ყველა იმ უფლებით ისარგებლებს, რომლითაც სარგებლობს საქართველოს მოქალაქე. მათ შორის, მუშაობის პროცესში მიღებული საწარმოო ტრავმის ან გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს, დახმარებებსა და კომპენსაციას მიიღებს. თავისი მხრივ, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია იმიგრანტისთვის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების, ან გარდაცვალების თაობაზე შეატყობინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შემთხვევის დადგომიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში.

უცხოელი დასაქმებული ვალდებულია, დატოვოს საქართველო შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემთხვევაში, თუ არ არსებობს მისი საქართველოში ყოფნის სხვა კანონიერი საფუძველი. დადგენილება არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებზეც გაცემულია: მუდმივი ცხოვრების ნებართვა; საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. ასევე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.

ბელა ნოზაძე