აქცევს თუ არა ყურადღებას მომხმარებელი ეტიკეტს რძის პროდუქტების შეძენისას?

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს მთავრობის დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" ძალაში შევიდა. დადგენილება მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.  Bpn.ge დაინტერესდა, როგორ აისახა მომხმარებლის ქცევაზე დადგენილების ძალაში შესვლა. ითვალისწინებენ თუ არა მყიდველები რძის პროდუქტების შეძენისას მათ შემადგელობას და როგორია მათი დამოკიდებულება ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით?

მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ახალი ვალდებულებით ბიზნესოპერატორებისთვის დაკისრებული მოვალეობები, მათ რძის პროდუქტების შეძენის პროცესს უმარტივებს:

”რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები რძის პროდუქტების შეძენის პროცესს ამარტივებს. ასე უფრო მარტივია ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტების გარჩევა რძის შემცვლელით დამზადებული პროდუქტებისგან”, - აღნიშნავს შორენა ასლამაზიშვილი.

მომხმარებელი ნატალია პეტრიაშვილი ამბობს, რომ ახალი დადგენილება მომხმარებელს ყიდვის პროცესს გაუადვილებს, მაგრამ ყიდვის მომენტში მთავარი მაინც ფინანსური მხარეა:

”მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქციას შეიძენს თუ რძის შემცვლელისგან დამზადებულს. ეს წმინდა ფინანსური საკითხია. მე, როგორც შვილების დედა, ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტებს ვყიდულობ”, - აღნიშნავს ნატალია პეტრიაშვილი.

თუმცა, არიან მომხმარებლები, ვინც ქართულ კომპანიებს არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ მიუხედავად ახალი რეგულაციებისა, რძის პროდუქტებზე მაინც არ ეწერება ინფორმაცია, რომელიც რეალობას შეესაბამება: ”აუცილებლად ვაკვირდები ეტიკეტს. შემადგენლობაც მაინტერესებს და ვადაც. ვცდილობ, ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტები შევიძინო. თუმცა, სამწუხაროდ, რძისგან წარმოებული ქართული პროდუქტები ხარისხით არ გამოირჩევა. არ მგონია, სიმართლეს აწერდნენ ეტიკეტზე. ქართულ პროდუქციას ნაკლებად ვენდობი”, -ამბობს მზია ნადარეიშვილი.

სუპერმარკეტ ”იოლის” მენეჯერი ქეთი ელიზბარაშვილი bpn.ge - სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ რეგულაციებს მომხმარებლის ქცევაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. აგვისტოდან ძალაში შესული დადგენილება არც რძის პროდუქტების გაყიდვების რაოდენობაზე ასახულა: ”მომხმარებელი ისევ იმას ყიდულობს, რასაც ადრე ყიდულობდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ კარგია, როდესაც პროდუქტებს აწერია, რძის შემცვლელის თუ ნატურალური რძისგან არის დამზადებული. პირადად მე ისედაც ვიცოდი, რომელი იყო ნატურალური პროდუქტი და ნატურალურს ვყიდულობდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიახლე შეძენის პროცესს ამარტივებს”, - ამბობს ქეთი ელიზბარაშვილი.

თამარ კორკოტაშვილი