„სილქტივის“ მომხმარებელს CNN და კიდევ რამდენიმე არხი გაეთიშება

1 სექტემბრიდან „სილქტივის“ მომხმარებელს ამერიკული მაუწყებელი CNN და კიდევ რამდენიმე არხი გაეთიშებათ.

ამის შესახებ Bpn-ს “სილქნეტის” პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, სოფო ჭაავამ აღნიშნა, CNN-ის გათიშვის მიზეზი კონტრაქტის ვადის გასვლაა:

„31 აგვისტოს იწურება სამწლიანი კონტრაქტის ვადა. როგორც წესი, კონტრაქტის ვადის გასვლამდე იწყება ხოლმე შემდეგ კონტრაქტზე მოლაპარაკებები, CNN-ის მხრიდან კი შემდეგი კონტრაქტის პირობები შეცვლილი და გაძვირებული იყო. შესაბამისად გაიწელა მოლაპარაკება. ჩვენ მოლაპარაკებებს მის მიმწოდებელ კომპანიასთან ფასთან, გადახვევის რეჟიმსა და სხვა პირობებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ და ვცდილობთ საუკეთესო პირობებით ჩავრთოთ ეს არხი“.

CNN-ის გარდა, გაითიშება ასევე Cartoon Network-ი და Boomerang-იც, ვინაიდან აღნიშნულ არხებს „სილქნეტს“ ერთი და იგივე კომპანია აწვდის. გათიშვის შესახებ ყველა აბონენტმა შეტყობინება უკვე მიიღო.

როდის დასრულდება მოლაპარაკებები CNN-ის მომწოდებელ კომპანიასთან და როდის ჩაირთვება აღნიშნული არხი  „სილქტივის“ მომხმარებელთა ტელევიზორებში, ჯერ უცნობია.