ჩრდილოეთით ნავთობიდან მიღებული მოგება 75%-ით შემცირდა

2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩრდილოეთ ზღვაზე ნავთობის გაყიდვიდან შემოსული მოგება 75%-ით შემცირდა.

ამის შესახებ BBC შოტლანდიის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

შოტლანდიელი კონსერვატორის მერდო ფრეიზერის თქმით, მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ნავთობიდან შემოსული მოგება წარმოუდგებლად დაბალია: "ჩვენ ვიცოდით, რომ ნავთობის ფასი არასტაბილურია და ეს ყველაფერი გარკვეულ რისკთან დაკავშირებული იქნებოდა. თუმცა, ასეთი მკვეთრი ვარდნა საგანგაშოა“.

შოტლანდიის მთავრობის კვარტალური ეროვნული ანგარიშების მიხედვით, 2015 წლის იანვარ-მარტში მოგებამ ერთ ბარელ ნავთობზე 168 ევრო შეადგინა. ეს მაშინ, როცა 2014 წლის იმავე პერიოდში შემოსული მოგება 742 ევრო იყო.

მსოფლიოში შავ ოქროზე ფასის მკვეთრმა ვარდნამ ნავთობის ინდუსტრიაში სრული კოლაფსი გამოიწვია. რაც 2014 წლის ივნისიდან შეინიშნება, როცა ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა.

შოტლანდიის მთავრობის მიერ 2015 წლის ივნისში გამოქვეყნებულ გაზისა და ნავთობის ბიულეტენებში ნავარაუდევი იყო, რომ 2016-2017 და 2019-2020 წლებში ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 2, 4 მილიარდი იქნებოდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი შეფასება 10, 8 მილიარდი ევრო, ისიც იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში ერთ ბარელ ნავთობზე ფასის ნიშნული 100 დოლარს დაბრუნდება.

შოტლანდიის მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასზე რყევის მიუხედავად, შოტლანდიას გარკვეული მარაგი მაინც აქვს და ის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად რჩება ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

სალომე გოგოხია