როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს

"ბევრი გლეხი რჩევას­ ითვალისწინებს, მაგრამ ბევრისთვის ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და არაფრის შეცვლას არ აპირებს ვაზის მოვლისას"

რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ივანე ბასილაშვილის საუბარი მოვისმინე. აღელვებული იყო: ზოგიერთმა ჩვენმა გლეხმა თავისი სიჯიუტით ყურძნის მოსავალი გააფუჭა, თავად ხომ დაიკლო და დაიკლო, ქვეყანასაც დააკლოო. გამიკვირდა, კახელი კაცი ვაზს შვილივით უვლის და ასეთი რა მოხდა-მე­თქი. ვთხოვე, აეხსნა, რაზე საუბრობდა. ეს რჩევები უკვე გაფუჭებულ ყურძენს ვერ წაადგება, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში­ გამოგვადგება...

ივანე ბასილაშვილი:

- პროფესიით აგრონომი ვარ, ჩემი პროფესიის ორგანული ნაწილია, მცენარეთა ზრდა-განვითარება კლიმატური პირობების მიხედვითაც შევისწავლო. არაპროფესიონალისთვის, ალბათ, ძნელია გააზრება, რამდენი რამ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ მცენარეთა მოვლისა და განვითარების წესებში. მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და ადამიანმა ისე უნდა წარმართოს საქმიანობა, რომ ეს ორგანიზმი შეცვლილ გარემო პირობებს შეაგუოს. ბოლო წლებში ზაფხულში პაპანაქებაა, ამიტომ ასეთ კლიმატზე უნდა გადავეწყოთ და მინდა, ეს ჩვენს გლეხსაც გავაგებინო. ბევრი რჩევას­ ითვალისწინებს, მაგრამ ბევრისთვის ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და არაფრის შეცვლას არ აპირებს ვაზის მოვლისას. ეს კი საქმეს ღუპავს.

ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას ვაზის ახალგაზრდა ყლორტის ქვედა 2-3 არასრულფასოვანი ფოთლის შეცლაზე შევაჩერებ. ეს ფოთლები ფოტოსინთეზის დაბალპროდუქტიულობით ხასიათდება, რის გამოც ხშირად ისინი მცენარის ღეროსა თუ ყლორტისთვის კი არა, თვით ამ ფოთლებისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებსაც ვერ გამოიმუშავებენ. ამიტომ ისინი ზედმეტია და უნდა შემოეცალოს. გარდა ამისა, მათი მოცლით განათებისა და აერაციის პირობებიც უმჯობესდება. ეს თეორიული მოსაზრებები მრავალ­წლიანი პრაქტიკითაც დამტკიცდა. პირველი 2-3 ფოთლის გარდა, დან­არჩენი ფოთლების შეცლა დაუშვებელია, ზოგჯერ ჩვენი გლეხები 2-3 ფოთოლს კი არა, ყლორტს 6-7 ფოთოლს და ხანდახან­ მე-8 ფოთოლსაც კი აცლიან. ეს გზას უხსნის მტევანზე მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, რაც მარცვლებს წვავს.­ ამას არუჯვა ჰქვია. შარშან მტევნის არუჯვით გურჯაანელმა გლეხმა 4-5 ათასი ტონა ყურძენი დაკარგა.

- ჩვენმა გლეხმა, რომელიც საუკუნეებია ვაზს უვლის, ნუთუ არ იცის, ისე როგორ გაფურჩნოს, რომ ვაზი არ გააფუჭოს?

- საუკუნეების განმავლობაში მზის ასეთი რადიაცია არ ყოფილა, როგორიც ბოლო წლებში გვაქვს. გვინდა თუ არა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მცენარე ისეთივე ცოცხალია, როგორიც ადამიანი. განა ადამიანი მომაკვდინებელ მზეს მთელ დღეს შეუშვერს თავს? არც ვაზის მტევანს შეუძლია პაპანაქება მზეში მთელი დღის გატარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მზე ზენიტშია - 3-4 საათზე. სწორედ ამ საათებში ხარშავს და კლავს მზე მას, ანუ არუჯავს. გული მოგიკვდება, ასეთი მტევანი რომ ნახო: ცალ მხარეს, რომელიც მზისგან მოფარებულია, მარცვლები საღი აქვს, მეორე მხარეს კი, რომელიც მზეზეა, ყავისფრდება და მერე ხმება. არაერთხელ გვინახავს ისეთი მტევანი, რომელზეც მარცვლების ნაწილი გამხმარ-გაშავებულია. ეს სწორედ არუჯვის შედეგია. ადამიანი გარუჯვას როგორღაც უძლებს, თუ მეტი მოუვიდა, მალამოსაც წაისვამს, მაგრამ ვაზმა რა ქნას?

იხილეთ სრულად