"თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი"

"სანამ განვიხილავდეთ, უნდა შეუე­რთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის "

საქართველო არ მოხვდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც რუსეთმა­ კონტრსა­ნქციები დააკისრა, სამაგიეროდ, მცოცავი ოკუპაციის შენელება არც უფიქრია - კიდევ გადმოიწია ე.წ. საზღვარი.

რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ მცოცავ ოკუპაციას და რით შეუძლია დასავლეთს დაგვეხმაროს, ამ საკითხებზე ვეტერან ევროდეპუტატსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ.

- 2008 წლის ომის მეშვიდე წლისთავზე დასავლეთის ფოკუსი უკრაინაზეა გადატანილი,­ საქართველო კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკას ატარებს. ნატოსა­ და ევროკავშირის წარუმატებელი მცდელობის გათვალისწინებით, კრემლი სტრატეგ­იულ­ პარტნიორად ექციათ, რუსეთთან ურთი­ერთობის ნორმალიზება შესაძლებელია?

- მოგიწევთ, სცადოთ, რადგან მეორე­ ვარიანტი მეტ საფრთხეს­ შეიცავს... თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი, მაშინ... ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს.

- რამდენიმე ხნის წინ თქვენც ესტუმ­რეთ­­ ე. წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს... რა შეუძლია საქართველოს მთავრობას დაუპირი­ს­პიროს რუსეთის მცოცავ ოკუპაციას?

- რუსეთის ქმედება მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ საკუთარი­ უფლებები უნდა დაიცვას. ჟენევის მოლა­პარა­კებებმა გადამ­წყვეტი­ ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებუ­ლებები შეასრულოს. ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი­ ოკუპაცია!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქა­რთველოს საკითხში დასავლეთმა­ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს?

- კეთდება ის, რის შესაძლებლობასაც­ არსებული სიტუაცია გვაძლევს. ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასე რომ, არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად. რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევროპული პერსპექ­ტივა მათ წინააღმდეგ მიმართული საფრთხე­ კი არა, ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია და მათ აქვთ უფლება, შიდა საქმეები თავადვე გადაწყვიტონ.

- ჯერჯერობით, საქართველოს ევროპ­ისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის მძიმე­ საზღაურის გადახდა უწევს. იგივე­ შეიძლება­ ითქვას უკრაინასა და მოლდავეთზეც­. არ ფიქრ­ობთ, რომ ეს ყველა­ფ­ერი აღმოსავ­ლეთ პარტნიორობის ინიციატივას საფრთხის ქვეშ აყენ­ებს? რა მოხდება,­ თუ ეს ქვეყნები რუსეთის ზეწოლას ვეღარ­ გაუძლებენ და... რაც მთავარია, რას მოიმოქმედებს ევროპა ამის შესაჩერებლად?

- ეს არ უნდა დავუშვათ! ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი ასე უნდა იდგეს: სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორიც რუსეთშია, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ სურს ევროპასთან პარტნიორობა და წარმატებული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და სოციალური სისტემა? ჩვენ დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევანს ევროპაზე შეაჩერებენ.

- მიუხედავად მოლოდინისა, რუსეთმა­ საქართველო გაფართოებული კონტრსანქცი­ების სიაში არ შეიყვანა... თქვენი აზრით, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციების სრულ პაკეტს და რას მიიღებდა/დაკარგავდა იგი ამით?

- სანამ განვიხილავდეთ, უნდა შეუე­რთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის, როგორც სავაჭრო, ასევე სხვა საკითხებში. ვფიქრობ, ამ პირო­ბებში, საქართველომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნისთვის­ სასიკეთოდ ჩათვლის. სანქციებში მონაწი­ლეობა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის სავალდებულო, მაგ­რამ, იმავდროულად, საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ სანქციების მიზანი­ საზიაროა...

- დაბოლოს, ევროსკეპტიციზმის ზრდა საქართველოში... თქვენი განცხადება, რომ საქა­რთველოსა და მოლდავეთის ნატოში მიღებაზე­ საუბარი ახლა კონტრპროდუქტიულია­, მაი­ნც­დამაინც კარგ გავლენას ვერ ახდენს ქართველი საზოგადოების პროდასავლურ განწყობებზე. როცა ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე დგას, თუ ახლო მომავალში არა,­ მაშ, როდის უნდა შეუერთდეს საქართველო დასავლურ ინსტიტუციებს?

- სწორი დრო უნდა შეირჩეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინსკის შეთანხმებაზე, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, იმავდროულად, რუსეთს საერთ­აშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში. ამჟამად, მთავარია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა გავაძლიეროთ.

ვაჟა თავბერიძე

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"