სემეკ-ში "თელასის" ტარიფზე მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, დღეს, სს "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება.

სემეკ-ის ინფორმაციით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

სემეკ-ის ინფორმაციით, დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების - დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი.  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჯარო განხილვა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.