სატელევიზიო რეკლამა ონლაინ გაყიდვებს უწყობს ხელს

გამოცემა Marketing Science-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სატელევიზიო ეთერში ნანახი რეკლამის შემდეგ მომხმარებლები უფრო აქტიურად ახორციელებენ ონლაინ შენაძენს.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა ორი კითხვა გაანალიზეს - უწყობს თუ არა სატელევიზიო რეკლამა ხელს ონლაინ გაყიდვებს? და თუ კი, როგორ მუშაობს?

„ტელევიზიით გასული ბრენდის რეკლამის შემდეგ, სულ რამდენიმე წუთში კონკრეტული ბრენდის საიტზე მომხმარებელთა ტრაფიკის მკვეთრი ზრდა შეინიშნება“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჯურა ლიაკონიტი.

სპეციალისტთა განცხადებით, იწვევს თუ არა ტრაფიკის ზრდა გაყიდვების ზრდას, ეს რეკლამის შინაარსზეა დამოკიდებული. ამ ეფექტის გამოსაკვლევად, კვლევის ავტორებმა მეცნიერთა დახმარებით 1000-ზე მეტი სხვადასხვა სატელევიზიო რეკლამის შინაარსის კოდირება და ანალიზი მოახდინეს. მკვლევერთა თქმით, რეკლამის სხვადასხვა შინაარსი სხვადასხვა სახის ონლაინ აქტივობას იწვევს. სარეკლამო რგოლები, რომელშიც კონკრეტული ქმედებაა ნაჩვენები, მაგალითად სატელეფონო ზარი ან საიტზე შესვლა, ზრდის იმის შანსს, რომ მომხმარებელი კონკრეტული ბრენდის ონლაინ მაღაზიას ეწვევა და შენაძენს განახორციელებს.

კვლევის ავტორები რამდენიმე სხვა დასკვნამდეც მივიდნენ. მათი მტკიცებით, სარეკლამო რგოლები, რომელშიც ბევრი ემოციური და ინფორმაციული არგუმენტია გამოყენებული, ორ ურთიერთსაპირისპირო ეფექტს იწვევს - ასეთი რგოლები ამცირებენ ტრაფიკს საიტზე, თუმცა ამავდროულად ზრდიან გაყიდვებს იმ მომხმარებელთა შორის, რომელიც საიტს სტუმრობს, ანუ უფრო მეტად იზიდავს საიტის მიზნობრივ აუდიტორიას. საერთო ჯამში კი, ეს გაყიდვებზე დადებითად აისახება.