ამერიკელი სპეციალისტები წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთს შეისწავლიან

წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთს, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, ამერიკელი სპეციალისტები შეისწავლიან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია საქართველოში 28 აგვისტოს ჩამოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, სწორედ ამერიკელი სპეციალისტების ვიზიტის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის თქმა, შესაძლებელია თუ არა არსებული გზის აღდგენა, თუ გაკეთდება ალტერნატიული საავტომობილო გზა.

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და სრულიად გამოვიდა მწყობრიდან წყნეთი - სამადლოს გზის მონაკვეთი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში გადის.  როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვინაიდან, წყნეთი-სამადლოს გზის აღნიშნული მონაკვეთი პრობლემურია, მისი აღდგენის საკითხი მოითხოვს საფუძვლიან კვლევას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად უცხოელი სპეციალისტები მოიწვია, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მგზავრთა უსაფრთხოება.

"მხოლოდ სრულფასოვანი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გახდება შესაძლებელი კონკრეტული პროექტის შემუშავება. აღნიშნულის გამო, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დაკონკრეტება, აღდგება წყნეთი-სამადლოს გზის აღნიშნული მონაკვეთი, თუ ალტერნატიული მარშრუტის მოძიება გახდება საჭირო", - აცხადებენ უწყებაში.