"თელასში" იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება

"თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილე მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი.

როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სემეკ-ის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ საპროგნოზო ტარიფთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები. "სემეკ-მა დღეს წარმოადგინა საკუთარი გათვლა "თელასის" ელექტროენერგიის შესასყიდი საპროგნოზო ტარიფების თაობაზე. წარმოდგენილი პრეზენტაციით, შემოთავაზებულ იქნა ე.წ. 16-თვიანი ტარიფი 11.173 თეთრის ოდენობით 1 კვტ.სთ-ზე. ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები ამ ტარიფთან დაკავშირებით. საქმე ეხება "ხრამი 1" და "ხრამი 2"-იდან მისაღები ელექტროენერგიის მოცულობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი", - განაცხადა ანთაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სატარიფო განაცხადით, "თელასს" არ მოუთხოვია კონკრეტულად 6 ან 8 თეთრით ტარიფის ზრდა ან შემცირება; წარმოდგენილი ციფრები მარეგულირებელი კომისიის მიერაა დაანგარიშებული. კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზე შესყიდვის ფასის ცვლილებამ, ანთაძემ აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის, რადგან გასათვალისწინებელი და დასათვლელია ტარიფის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – "თელასის" განაწილების ტარიფი. "მასაც ითვლის კომისია და ვნახოთ, რა გამოვა საბოლოო ჯამში", - განაცხადა ანთაძემ.

საჯარო განხილვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასზე "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი კიდევ ერთი კომპონენტის – საოპერაციო დანახარჯების შესახებ მსჯელობენ. თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.