აკაკი ცომაია: ლარის დასტაბილურებისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი გადასახადების და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირებაა

ეკონიმისტი აკაკი ცომაია ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავლად გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრ შემცირებას მიიჩნევს. როგორც აკაკი ცომაიამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობის პოლიტიკაც უნდა შეცვალოს. "სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძალზეც სოციალურად ორიენტირებული. სოციალურად ორიენტირებულობა უნდა შემცირდეს, სოციალური წნეხის შემსუბუქება მოხდეს და ეკონომიკა გაჯანსაღდეს, რისი ერთადერთი გზაც არის გადასახადების და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირება. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში სწორედ ეს იქნება მთავრობის მხრიდან", - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკონომისტის შეფასებით, ძნელი პროგნოზირებადია, როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება, რადგან შექმნილ სურათზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. "პროგნოზი კურსთან დაკავშირებით რთულია, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ვალუტის მიწოდება საქართველოში. როგორც ვხედავთ, მთლიანად რეგიონშია არასახარბიელო მდგომარეობა – სერიოზული პრობლემებია შექმნილი რუსეთში, აზერბაიჯანშიც, სომხეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებშიც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საქართველოში ვალუტის მიწოდებაზე. მცირდება უცხოური ინვესტიციებიც, ასევე შემცირებულია ტურიზმიდან შემოსავლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა თითქოს იგივეა. გარდა ამისა, შეერთებული შტატების მთავრობა აშშ დოლარზე სარგებლის განაკვეთის გაზრდას გეგმავს, რის გამოც ალბათ, სამომავლოდ, განვითარებადი ქვეყნებიდან მოხდება უცხოური ვალუტის გადინება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც უარყოფითად იმოქმედებს განვითარებული ქვეყნების ვალუტაზე, შესაბამისად, ის აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც – მოგეხსენებათ, ჩვენი ექსპორტი ძირითადად წარმოებს სწორედ ამ ტიპის ქვეყნებში, რომელთა მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. აქედან გამომდინარე, ექსპორტიდან შემოსავლებიც მცირდება. ეს არის რეალური სურათი. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, ძნელი სათქმელია", - აღნიშნა ეკონომისტმა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.