სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართა.

დღევანდელ განხილვაზე კომპანიის საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ იმსჯელეს. განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, უკვე განხილულია ტარიფის შემადგენელი ოთხივე კომპონენტი. თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია და მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.

"დღეს განვიხილეთ ორი კომპონენტი, შესყიდვისა და საოპერაციო დანახარჯების. შესყიდვის ნაწილში ცალსახად კომპანიას ეზრდება შესყიდვები. თუმცა საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში არის კლება. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი დაახლოებით 70 მილიონამდე საოპერაციო დანახარჯები. თუმცა იმ სამუშაო ვარიანტში, რაც დეპარტამენტმა წარმოადგინა, არის დაახლოებით 57 მილიონი ლარი. ანუ დეპარტამენტმა 13 მილიონით საოპერაციო დანახარჯების კლება წარმოადგინა. შესაბამისად, ოთხივე კომპონენტში სხვადასხვა მიმართულებითაა ტრენდი. ზოგში არის კლება, ზოგში - ზრდა. საბოლოო ჯამში, როგორ ჩამოყალიბდება ტარიფი, ამის გადაწყვეტა მოხდება კომისიის სხდომაზე", - განაცხადა გოჩა შონიამ.

მისივე თქმით, ყველა კომპონენტი ახდენს გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, რადგან სამომხმარებლო ტარიფი ეს არის ოთხივე კომპონენტის ჯამი.