მსოფლიო ბაზრების მიმოხილვა

ჩინეთის საფონდო ბირჟებზე შექმნილ ვითარებას ექსპერტებმა უკვე უწოდეს „შავი ორშაბათი“.

მსოფლიოს საფონდო ბაზრები მკვეთრად ეცემა - აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობენ.

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შემცირების ფონზე, რაც ლითონისა და ენერგომატარებლების ჭარბი წარმოების კრიზისს გამოიწვევს, „ბლუმბერგის“ სასაქონლო ინდექსი 16-წლიან მინიმუმამდე დაეცა.

ბოლო მონაცემებით, Bloomberg Commodity-ის ინდექსი 2,2%-თ შემცირდა და 85,8339 პუნქტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1999 წლის შემდეგ.

ამასთან ერთად, მსოფლიო ბაზარზე დღეს გაუფასურებას განაგრძობს ნავთობის ფასი. პირველად 2009 წლის მარტის შემდეგ „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 44 დოლარს ქვევით ჩამოვიდა და 43,69 დოლარი შეადგინა, WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი კი 3,8%-ით შემცირდა და ბარელზე 38,93 დოლარი შეადგინა.

რუსეთში 1998 წლის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია რუბლის ღირებულებამ დოლართან მიმართებაში. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარი 70,75 რუბლი ღირს, ერთი ევრო კი 81,15 რუბლი, რაც თითქმის ოთხი რუბლით მეტია პარასკევის მაჩვენებელთან.

5%-ით დაეცა ბელორუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში და ერთი დოლარის ღირებულებამ 17,601 რუბლი შეადგინა. ბელორუსული რუბლის ვარდნის ძირითად მიზეზად ექსპერტები რუსული რუბლის არამდგრადობას ასახელებენ.

პარასკევთან შედარებით მცირედით გამყარდა ყაზახეთის ეროვნული ვალუტა. დღევანდელი დილის მონაცემებით, ტენგეს კურსი დოლართან მიმართებაში 33,86 ტენგეთი გაიზარდა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 10 განვითარებული ქვეყნის ვალუტიდან ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად იაპონური იენა, შვეიცარული ფრანკი და ევრო გამყარდა. ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 0,85%-ით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,1484 დოლარი შეადგინა.

ჩინეთის საფონდო ბირჟებზე შექმნილ ვითარებას ექსპერტებმა უკვე უწოდეს „შავი ორშაბათი“. დღევანდელი დილის მონაცემებით, შანხაის საფონდო ბირჟის Shanghai Composite-ის ინდექსი 8,45%-ით - 3211,2 პუნქტით დაეცა, რაც ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმია. შენჟენის ბირჟის - Shenzhen Composite - ინდექსი 7,61%-ით - 1884,16 პუნქტამდე, ხოლო ჰონგკონგის Hang Seng Index 4,64%-ით - 21369,7 პუნქტამდე დაეცა.

რაც შეეხება ტაივანის საფონდო ბირჟის ინდექსს, TAIEX-ის ინდექსი 4,4%-ით - 7441,3 პუნქტამდე დაეცა, იაპონიის Nikkei-ის ინდექსი 3,5%-ით - 18774,69 პუნქტამდე, კორეის KOSPI-ის ინდექსი 2,34%-ით - 1832,63 პუნქტამდე, ხოლო ავსტრალიური S&P/ASX 200-ის ინდექსი 7,5%-ით - 5214,6 პუნქტამდე დაეცა.

დაეცა ზოგიერთი ევროპული ინდექსიც. გერმანული DAX – 2,7%-ით დაეცა, ლონდონის FTSE 100 – 2,8%-ით, ხოლო Europe Stoxx 600-ის ინდექსი 3,3%-ით.

MSCI-ის განვითარებადი ქვეყნების კომპოზიტური ინდექსი 4,2%-ით დაეცა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.

„პეკინმა უნდა შეინარჩუნოს ბაზრის ნდობა. ამასთან ერთად, ჩინეთის ხელისუფლება უფრო მასშტაბურად უნდა ჩაერიოს შემქნილ ვითარებაში“, - აღნიშნა ლონდონის ING Bank-ის ეკონომისტმა რობ კარნელმა.

11 აგვისტოს იუანის დევალვაციიდან მოყოლებული დღემდე, მსოფლიო ბაზარზე აქციების საბაზრო კაპიტალიზაციის დანაკარგმა 5 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.