ქვეყანა ლარის მახეშია

პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების რეაქციები ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემდეგ

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ბევრად მაღალია ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში, სადაც დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია.

ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები როგორც ეკონომიკის ექსპერტების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან. "შემოდგომა ძალიან რთული იქნება",-ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. "მარტო ბიუჯეტის კორექტირება ლარს ვერ გაამყარებს, თუ არ გაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკა, სამუშაო ადგილების შექმნის რეალური მეთოდოლოგია და საინვესტიციო პოლიტიკა. შემოდგომა ძალიან რთული იქნება და კლებას არ ველოდები. უნდა შევეგუოთ, რომ თითის გაშვერა და სხვაზე გადაბრალება დავასრულოთ",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ლარის გაუფასურებაზე განცხადებას აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. უმცირესობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის არარსებობას უკავშირებენ. "გაუფასურება 40%-მდე არის, რაც პირდაპირ აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, უუნარობაა. ინვესტიციები პირდაპირ არის შემცირებული, ფასები და უმუშევრობა იზრდება, მოსახლეობასთან ერთად ქვეყანა ღარიბდება. ჩვენ პირველივე სხდომაზე მთავრობის გადადგომის საკითხს მოვითხოვთ", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. ზურაბ ტყემალაძის თქმით, სიტუაცია ხელოვნურად არის მართული. ზურაბ ტყემალაძეს იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი ვეტოს დაძლევს, მდგომარეობა შეიცვლება. "ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავიანთი კურსი დაადგინეს, თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ სწორი ქმედება იყოს. კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი როგორც შეიკრიბება ვეტო დაიძლევა, მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას "არაეფექტურს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურების მიზნით საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უნდა შემცირდეს. როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს არც სოციალური პროექტები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. "არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ მიმდინარე მოვლენები ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს. ვხედავთ, რომ არასახარბიელო ვითარებაა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ასევე მკვეთრად შემცირებულია ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, სუსტია კაპიტალის ბაზრები აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ნავთობის ფასი დაცემულია, რუბლი კიდევ უფრო გაუფასურებული. მე ბაქოში ვარ და შეიძლება ითქვას, რომ დევალვაციის სუნი აქაც იგრძნობა. ამას ემატება ისიც, რომ საშინაო ფაქტორებიც უარყოფითია, ანუ არის ისევ და ისევ პოპულისტურად დაგეგმილი ბიუჯეტი. პრაქტიკულად არ მომხდარა ხარჯების შემცირება. მთავრობას კვლავ აქვს აღებული ვალდებულებები, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაითვლება ეკონომიკისთვის მომგებიანად, ვინაიდან სოციალური ხარჯები უკუგებას ვერანაირად ვერ იძლევა. ასე რომ, ეს არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკაა. გარდა ამისა, მთავრობა მუდმივად ცდილობს, რაღაც ახალი შეზღუდვა დააწესოს, ახალი ბარიერი შექმნას. ხარჯების შემცირება, ეკონომიკის დერეგულაცია, ბარიერების შემცირება და შეზღუდვების შემცირება - ეს იქნებოდა კარგი სიგნალი ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ შიდა და გარე ინვესტორებისთვის უკვე რთული დასაჯერებელია ლიბერალური პოლიტიკა იმ მთავრობისა და იგივე ხალხისგან, რომლებიც მუდმივად მიდრეკილნი იყვნენ იმისკენ, რომ ახალი შეზღუდვა მოეგონებინათ - აქციზი გაეზარდათ, ახალი სოციალური პროგრამა დაეფინანსებინათ, მიწის გაყიდვა და თუ ვიზების გაცემა შეეზღუდათ...", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა, რომლის განმარტებითაც, არ სჯერა, რომ მთავრობას ექნება პოლიტიკური ნება, "რამე რადიკალურად შეცვალოს".

აღნიშნულ კონტექსტში ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება. "მე არ ველოდები იმას, რომ ლარი გამყარდება. არც შიგნით მიმდინარე მოვლენები და არც ის, გარეთ რა ხდება, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას ხელს არ უწყობს. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომისტმა.