დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირება არ იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირება არ მოიაზრება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ სერგეენკომ ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განაცხადა. სერგეენკო დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს სიკითხის სტაბილიზაციისთვის.  "მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არ მოიაზრება იმ პროექტების შემცირება, რომელიც მიმდინარებს, პირიქით, იქნება გაუმჯობესება, ზოგადად კურსის ცვლილებას რაც შეეხება, ალბათ, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, უნდა ჩაერიოს თუ არა ეროვნული ბანკი კურსის დასარეგულირებლად, სერგეენკოს თქმით, ეს ეკონომიკური საკითხია და მას ექსპერტული მოსაზრების გაკეთება გაუჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ, მინისტრის თქმით, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი ის არის, რომ გათვალისწინებულია უმრავლესობის აზრი, "შესაბამისად, გვაქვს ის, რაც გვაქვს".