მიხეილ დუნდუა: ქადაგიძის ზეწოლა ლარზე სექტემბერში დამარცხდება

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეროვნულმა ვალუტამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო: ლარის კურსი ლამის ყოველდღიურად ეცემა. შესაბამისად, თუ ერთი წლის წინ ლარის შეფარდება დოლართან 1,75-1,80 იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 2,36-ს გადასცდა. შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ ლარის სტაბილიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომლის გამოც ექსპერტები ბევრს კამათობენ. მათი ნაწილი ლარს მძიმე შემოდგომას უწინასწარმეტყველებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შემოდგომაზე ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაზე საუბრობს. მათ შორის არის ორგანიზაცია 20/30-ის წევრი მიხეილ დუნდუა. სწორედ მას ვთხოვეთ, ჩამოეთვალა ფაქტორები, რომლის გამოც შესაძლოა ლარი სტაბილური გახდეს.

მიხეილ დუნდუა : ლარის კურსზე უპირველესად მოქმედებს საგარეო ვაჭრობის ბალანსი ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის. ჩვენ წლების განმავლობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვქონდა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით, 2015 წლის შვიდ თვეში ეს მაჩვენებელი 100 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა ანუ შემცირდა უარყოფითი სალდო, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად მოქმედებდა. ასე რომ, საგარეო ვაჭრობის მხრივ ამჟამად უკეთესი სიტუაცია გვაქვს, ვიდრე შარშან გვქონდა და სწორედ ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. უაღრესად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაც. ბიუჯეტი საქართველოში ლამის ათწლეულების განმავლობაში არათანაბრად იხარჯებოდა, წელს ეს მდგომარეობა შეცვლილია და ქვეყნის ბიუჯეტი უკვე თანაბრად იხარჯება. პირიქით, ფინანსთა სამინსტრო ნაშთის დაგროვებასაც კი ცდილობს. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს დაგროვილი აქვს 800 მილიონ ლარზე მეტი ნაშთი, რაც ლარის კურსის ხელშემწყობი სერიოზული ფაქტორია. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი 1 მილიარდამდე გაიზრდება, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე. სწორედ ეს არის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც ლარის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც 2015 წელს სავალუტო ფონდის პორგნოზით უკეთესია, ვიდრე 2014 წელს იყო. წინასწარი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი იქნება 100 მილიონით უკეთესი, ვიდრე წინა წელს გვქონდა და 300 მილიონით უკეთესი, ვიდრე 2012, ან 2013 წელს იყო. აქვე უნდა აღინიშნოს ტურიზმის გააქტიურებაც, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ის ეკონომიკური პარამეტრებია, რომლებიც ლარის კურსს დაეხმარება. ერთადერთი, რაშიც კლება გვაქვს, საგარეო გადმორიცხვებია, მაგრამ ეს ფაქტორი კურსში უკვე ასახულია. თანაც, ის ვერ შეძლებს გადაფაროს ყველა სხვა ფაქტორი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.

- რომელია ლარის კურსზე მოქმედი ყველაზე უარყოფითი ფაქტორი?

-  ასეთი ფაქტორი უპირველესად ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკაა, რომელიც საბანკო სექტორის წმინდა დავალიანების ზრდაში გამოიხატება. საბანკო სექტორის დავალიანება უკვე 700 მილიონს სცდება, რაც ძალიან ბევრია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 50 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო უფრო ადრე მინუსებში იყო, რადგან ეროვნულ ბანკს თვითონვე ჰქონდა დავალიანება კომერციული ბანკების მიმართ. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსის სტაბილურობას ამუხრუჭებს და ხელს უშლის, სხვა ფუნდამენტური ფაქტორები გამოსწორებადია. აქვე ვიტყოდი, რომ რადგან ეროვნული ბანკის პოლიტიკა ხელოვნურია, მას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ჩემი ვარაუდით, გიორგი ქადაგიძის ზეწოლა ლარზე სექტემებრში დამარცხდება. ბუნებრივია, ლარის აბსოლუტურ გამყარებას და ძველ ნიშნულზე ანუ 1,75-1,80-ზე ჩამოსვლას არავინ ელოდება - აქ საუბარია სტაბილურობაზე და გამყარების ტენდენციაზე, რაც აუცილებლად მოხდება.

- ესე იგი, მძიმე შემოდგომა, რომელზეც ამდენს საუბრობენ, არ გველოდება?

- მერწმუნეთ, ეს არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა. ამის დასამტკიცებლად რაღაც არგუმენტები ხომ უნდა ჩამოგვითვალონ? ახლა მთავარია, ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინოს სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და შეზღუდოს სესხების გაცემა დოლარში. დღეს საქართველოში განსაკუთრებით რთული ვითარებაა იმიტომ, რომ ლარი ერთადერთი საგადამხდელო ვალუტაა, მაგრამ სესხები დოლარში გაიცემა. სხვათა შორის, ევროპაში სესხები დოლარში რომ გაიცემოდეს, იქაც კრიზისი იქნებოდა. დღეს ჩვენს ეკონომიკას უმძიმეს ტვირთად აწევს დოლარში გაცემული სესხები. ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა რომ არა, ჩვენი ვალუტა ამ დღეში არ იქნებოდა. ეროვნულმა ბანკმა ძალიან ბევრი რეკომენდაცია არ შეასრულა, რომელსაც სავალუტო ფონდი მოითხოვდა და შედეგიც სახეზე გვაქვს.

-  რა არის ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

-  ახლა მთავარია, მოსახლეობა არ აჰყვეს პანიკას, რომელიც დოლარის აჟიოტაჟურ შესყიდვას იწვევს და ლარის საქმეს უფრო მეტად ართულებს. თუმცა, მსგავსი პროცესები ხშირად ხანმოკლე ხასიათისაა და როგორც კი აჟიოტაჟი ჩაივლის, ლარი მაშინვე მყარდება ხოლმე. ასე მოხდა მაისში, როდესაც ლარის კურსი 2,35-2,36-მდე დაეცა, შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, 2,25-მდე გამყარდა. ახლაც დაახლოებით იგივე მოხდება, რაც მაისში მოხდა და სექტემბრის ბოლოს სიტუაცია უკვე სტაბილური იქნება. იქამდე ალბათ კიდევ შეეცდებიან აჟიოტაჟი შექმნან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვითარება მაინც სტაბილური გახდება.

ხათუნა ჩიგოგიძე