ნოდარ ხადური: ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. ხადურის თქმით, ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით იღებს.

"წლის ბოლომდე ველოდებით დამატებით 110 მილიონ დოლარს, ანუ წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციები არც აქამდე და არც ამის შემდეგ არანაირ გავლენას არ იქონიებს გაცვლითი კურსის გაუარესებაზე. ხადურის განცხადებით, პირიქით, ეს შემაკავებელი ფაქტორიცაა, ვინაიდან ეროვნული ბანკის ანგარიშზე ხაზინაში დაგროვილია 700 მილიონ ლარზე მეტი დეპოზიტები. ამის გარდა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, წლის ბოლომდე მთავრობა ვარაუდობს, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი ექნება შემოსავალი, რომელსაც არ დახარჯავს და ბაზარს არ დააწვება.