1164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ერთ ლარად გადაეცემა

1164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარსა და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აქვთ.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მათ ერთობლივად იმუშავეს ამ საკითხზე.  ღარიბაშვილის თქმით, 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო.  სულ 2012 წლიდან კი, პრემიერის ინფორმაციით, საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 5 120 დევნილ ოჯახს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.