თბილისში დენის ტარიფი 3-4 თეთრით გაიზრდება

ახალ წელს დედაქალაქის მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფით შეხვდება. სემეკმა "თელასს" დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა, რაც თითქმის 6 თეთრით მეტია არსებულ ღირებულებასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ თბილისში დენის ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, სპეციალისტების გათვლებით, სავარაუდოდ, 3-4 თეთრით. ახალი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა კი 18 დეკემბრამდე მოხდება.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემდეგ ენერგოკომპანიებმა სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს. 1-ელი აგვისტოდან "ენერგო-პროს" მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგია რეგიონებში 3,95 თეთრით უკვე გაძვირდა. მოგვიანებით სემეკს ტარიფის გადახედვა უკვე "თელასმაც" მოსთხოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ლარის დევალვაცია დასახელდა. თუ დენის ტარიფი რეგიონების ანალოგიურად გაიზარდა დედაქალაქში, რასაც სპეციალისტები უკვე გარდაუვლად მიიჩნევენ, ეს ნიშნავს, რომ თბილისელებისთვის ყველაზე მაღალი ნიშნული დადგინდება. მაგალითად, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კილოვატში 9,94 თეთრის სანაცვლოდ 13,89 თეთრს გადაიხდის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ კატეგორიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის საფასური 13,48 თეთრი იყო. ასევე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ სხვა კატეგორიის აბონენტებსაც. მათთვის, ვინც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვ/სთ საათის ფასი 12,46 თეთრიდან 16,41 თეთრამდე გაიზრდება (ადრე 16 თეთრი იყო). ყველაზე მძიმე დღეში მესამე კატეგორიის (301 კვ/სთ) აბონენტები აღმოჩნდებიან და მათთვის ელექტროენერგიის საფასური 21,65 თეთრი გახდება. მესამე კატეგორიას, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი მიეკუთვნება, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკმაოდ დაზარალდნენ.

რა ტარიფს დაადგენს სემეკი თბილისელებისთვის, ეს 18 დეკემბრამდე გაირკვევა. გუშინ კი მარეგულირებელმა კომისიამ "თელასს"  2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, სავარაუდო შესყიდვის ფასი კვტ.სთ-ზე 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა

. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ.სთ-ზე. სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, კერძოდ, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი კახა ძაგანია ესწრებოდნენ. საჯარო განხილვაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სემეკის წევრებს სთხოვა იმ საკითხს დაბრუნებოდნენ, რომელიც წინა განხილვაზე წარმოიშვა. ბაღათურია ისევ დაინტერესდა, თუ სად წავიდა 800 მილიონის დავალიანება, რომელიც მოსახლეობას გააჩნდა "თელასის"  მაიმართ და რომელიც კომპანიამ ხალხისგან "სისხლის, ცრემლის და ოფლის ფასად ამოიღო". სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ სემეკმა წარმოადგინა 1999 წლის აუდიტორული დასკვნა, სადაც 800 მილიონი, ან მასთან მიახლოებული ციფრი არ ფიქსირდება. რაც შეეხება დღევანდელ საჯარო განხილვას, მასზე სამომხმარებლო ტარიფში შემავალ ორ კომპონენტს - საოპერაციო დანახარჯებსა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტს განიხილავენ.

სხდომის დასრულების შემდეგ კი ბაღათურიამ განაცხადა, რომ თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და თავისი უფლებები დაიცვას. როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, დაინტერესება არის იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში სამომხმარებლო ტარიფი 6 თეთრით გაიზარდოს. მისივე თქმით, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "ახლა ცდილობენ, რომ ეს როგორმე დაასაბუთონ, თუმცა ამას ვერ ასაბუთებენ. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე დრო გავწელო. თბილისელები დაბრუნდნენ თბილისში, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან თავისი უფლებები. ტარიფის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ნულთეთრიანი სოციალური გაზის გაყიდვა ხდება და მილიარდობით ლარი მოსახლეობის ხარჯზე თანამდებობის პირების ჯიბეებში მიედინება. "ამას სჭირდება ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ტრანსპარანტებით, დროშებით, ხელკეტებით, კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქტიური და ენერგიული. მე ვიქნები ამ მოძრაობის სათავეში და ერთ-ერთი ორგანიზატორი, თუ თბილისელები ინებებენ, ქუჩაში გამოვლენ და ასე დაიცავენ თავიანთ უფლებებს", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ მორიგი განმარტება გააკეთეს სემეკში. როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, შესყიდვის ნაწილში დაახლოებით 6-თეთრიანი მატება სამომხმარებლო ტარიფზე პირდაპირ არ აისახება.

შონიას თქმით, ეს არის სამუშაო ვარიანტი. მისივე თქმით, სამომხმარებლო ვარიანტი 4 კომპონენტისგან შედგება, ეს არის შესყიდვის კომპონენტები, საოპერაციო დანახარჯები, ნორმატიული დანახარჯები და კაპიტალური დანახარჯები. "რომელიღაც კომპონენტებში იზრდება, რომელიღაცაში - მცირდება. შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფი მათი ჯამი იქნება. რეალურად შესყიდვის კომპონენტი არ იზრდება დაახლოებით 6 თეთრით, მაგრამ სხვა კომპონენტებში მცირდება. კერძოდ, საოპერაციო ხარჯები შევამცირეთ. "თელასმა" 70 მილიონი მოითხოვა, მაგრამ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სამუშაო ვარიანტში გაწერილი იყო 57 მილიონი. ასევე ნორმატიული დანაკარგები ჰქონდათ 12,4 პროცენტი და ჩამოვიდა 5 პროცენტზე და ა.შ. როგორი იქნება საბოლოო ტარიფი და როგორ დაჯამდება ის, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე იქნება მიღებული. ასე რომ, 6-თეთრიანი მატება შესყიდვის ნაწილში სამომხმარებლო ტარიფზე პირდაპირ არ აისახება", - განაცხადა შონიამ.

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით კი, "თელასის" მიერ სემეკისთვის სატარიფო განაცხადით მიმართვა გარდაუვალი და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

როგორც ვარდიაშვილმა სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი კომპონენტების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ დროისთვის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე მუშაობა დასრულებულია. "კომისიის აპარატიდან მონაცემები ცნობილია, თუმცა ეს არის პირველადი და სამუშაო ვარიანტი. პროცესები მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. რისი გარანტიც არის თვითონ ენერგოომბუდსმენის აპარატი მარეგულირებელ კომისიასთან ერთად. პროცესი არის აბსოლუტურად საჯარო და შესაძლებლობა გვაქვს, ყველა დაინტერესებულ პირს მასში მონაწილეობა მივიღოთ", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

როგორც ვარდიაშვილმა აღნიშნა, ის ვერ იტყვის სავარაუდო მონაცემებს "თელასის" ტარიფის გაზრდასთან ან სხვა რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით. "სავარაუდო მონაცემებს ტარიფის გაზრდასთან ან სხვა რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებით "თელასთან" მიმართებაში ამ დროისთვის ვერ გეტყვით. თუმცა როგორც "ენერგო პროსთან" მიმართებაში მოხდა და მთავრობამ მყისიერად აიღო თავის თავზე სუბსიდირების თემა, ვფიქრობ, რომ ქალაქის მთავრობა მაინც მზად უნდა იყოს, რომ მომხმარებელთა იმ ნაწილის უფლებები იყოს დაცული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა ამ ეტაპზე თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე და შემდგომ გაანგარიშებებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - განაცხადა ვარდიაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანი და მოსალოდნელი იყო "თელასის" სატარიფო განაცხადი, რომლითაც მან კომისიას მიმართა, ვარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გარდაუვალი იყო.

"ჩვენ ყველამ უნდა ვიმსჯელოთ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც თბოელექტროსადგურების ტარიფი გაიზარდა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამანაწილებელი კომპანიები სატარიფო განაცხადით მიმართავდნენ კომისიას",- აღნიშნა ვარდიაშვილმა.

"თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილე მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი.

მისივე თქმით, სატარიფო განაცხადით, "თელასს" არ მოუთხოვია კონკრეტულად 6 ან 8 თეთრით ტარიფის ზრდა ან შემცირება; წარმოდგენილი ციფრები მარეგულირებელი კომისიის მიერაა დაანგარიშებული. კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზე შესყიდვის ფასის ცვლილებამ, ანთაძემ აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის, რადგან გასათვალისწინებელი და დასათვლელია ტარიფის მეორე უმნივნელოვანესი კომპონენტი - "თელასის" განაწილების ტარიფი: "მასაც ითვლის კომისია და ვნახოთ, რა გამოვა საბოლოო ჯამში",- განაცხადა ანთაძემ.

სპეციალისტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დედაქალაქში, შესაძლოა, სწორედ იმ პროპორციით გაიზარდოს, როგორც ეს რეგიონების შემთხვევაში მოხდა. მათი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ახალი წლიდან თბილისელებს ერთ კვტ/სთ-ში 3-4 თეთრით მეტის გადახდა მოუწიოთ.

ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე კი ამბობს, რომ ზუსტი ტარიფის დადგენა დღეს შეუძლებელია, თუმცა ირწმუნება, რომ ზრდა 6 თეთრით ნამდვილად არ მოხდება. ამის არგუმენტად ენერგეტიკოსს "თელასის" დანაკარგების 12%-დან 5%-მდე შემცირება მოჰყავს. "დანაკარგის შემცირების მოცულობა, ასევე რეზერვები საექსპლუატაციო თანხაში იძლევა იმის საშუალებას, რომ ტარიფი დენის შესყიდვის ფასის პროპორციულად, 6 თეთრით არ გაიზარდოს. ცოტა რთულია იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით მოიმატებს ელექტროენერგია დედაქალაქში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იქნება 6 თეთრი",- განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" არველაძემ.

ორიოდე კვირის წინ "ბიზნეს რეზონანსთან" საუბრისას ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებდა, რომ "თელასის" ტარიფის კორექტირება აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ შემცირების მიმართულებით. მისი თქმით, 2007 წელს "ეიესის" მიერ განხორციელებული ინვესტიციების ამოღების ვადის დასრულების შემდეგ, სამომხმარებლო ტარიფში "თელასის" წილი უნდა შემცირებულიყო, თუმცა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ახალი მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც დენის გაიაფება "აკრძალა".

"თბილისში დენი არ უნდა გაძვირდეს. მათ კარგად უნდა დათვალონ და ნახავენ, რომ არის რესურსი, რომელიც გაძვირებას გამორიცხავს. ასევე უნდა გადახედონ იმ დახურულ მემორანდუმებს, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს. დიდი ხანია, "თელასის" ტარიფის კორექტირება უნდა მომხდარიყო - შემცირების მიმართულებით. მე ვთქვი, როგორც კი "ენერგო-პროს" გაუზრდიან ტარიფს, მეორე დღესვე ამ მოთხოვნით სემეკში განაცხადს შეიტანს "თელასიც". შევცდი ერთ დღეში, რუსულმა კომპანიამ იმავე დღესვე შეიტანა განაცხადი გაზრდაზე", - ამბობს თემურ ჭიჭინაძე.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"