საქართველომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს უმასპინძლა

საქართველომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.

24-25 აგვისტოს თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 57 დამფუძნებელი ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველო, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივნისში შეუერთდა. ბანკის, რომლის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ძირითადი მიმართულებები იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირების გზით.  თბილისში შეხვედრისას განხილული იყო ბანკის დაფუძნებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მოხდა ბანკის პრეზიდენტის შერჩევა. დღეს, თბილისში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ში იაობინიმ და ბანკის ახლად შერჩეულმა პრეზიდენტმა ჯინ ლიქუინიმ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

"შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ განიხილებოდა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, პრეზიდენტის შერჩევა. სასიამოვნოა, რომ შერჩეული იქნება პრეზიდენტი, რომელიც მოწადინებულია, რომ ეს ბანკი იყოს ძალიან ეფექტური ინსტიტუტი, რომელიც იცნობს საქართველოს, კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნისადმი. ბანკში საქართველოს გაწევრიანება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებითი რესურსი მოვიზიდოთ", - განაცხადა ლეჟავამ.

ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხდა მასპინძელ ქვეყანას და ფინანსთა სამინისტროს შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. მისივე თქმით, ბანკის პრეზიდენტის შერჩევა მოხდა სამი პრინციპის საფუძველზე, ესენია - გამჭვირვალობა, ღიაობა და დამსახურება.  "კონსესუსით მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ბანკის ამჟამინდელი გენერალური მდივანი ჯინ ლიქუინი მისი პრეზიდენტი გამხდარიყო. ის აქტიურად იყო ჩართული ბანკის დაფუძნების ყველა ეტაპზე. ვიმედოვნებთ, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება წაადგება ბანკის ფუნქციონირებას და ინვესტიციებს რეგიონში", - განაცხადა ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

თავის მხრივ, ბანკის ახალმა პრეზიდენტმა ჯინ ლიქუინმა წევრ ქვეყნებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.  "ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბანკი წარმატებული იყოს ყველა მის წევრ ქვეყანაში. გპირდებით, რომ ბანკი იხელმძღვანელებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაღწიოთ ჩვენი წევრი ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტისა და დონის ამაღლებას", - განაცხადა ჯინ ლიქუინმა.

მისივე თქმით, ბანკი აქცენტს გააკეთებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და შედეგი კი იქნება რეგიონში 21-ე საუკუნეზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება.

როგორც ჯინ ლიქუინმა აღნიშნა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი შემდეგი პრინციპებით იხელმძღვანელებს, ესენია - ღიაობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება.  გარდა ამისა, ჯინ ლიქუინმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეხვედრის წარმატებულად ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. "საქართველო ჩემი გონებიდან და გულიდან ვერასდროს წაიშლება", - დასძინა ლიქუინმა.

გარდა ამისა, თბილისში ვიზიტისას ჯინ ლიქუინი შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს - ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.  ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ ჯინ ლიქუინს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების თაობაზე.