ქვესადგურის "ჯვარი" და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს

ქვესადგურის "ჯვარი" და ელექტროგადამცემი ხაზების "ლია 1,2" და "ოდიში 1,2"-ის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, 500/220 კვ. ქვესადგურის "ჯვარი" მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 17 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გაიმართა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ დაწყებული აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა ჯვარი-ხორგას უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

"ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხორციელდება ფუნდამენტებისა და ლითონკონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები, ასევე ქვესადგურის მართვის შენობის მშენებლობა და ქვესადგურის ტერიტორიის მოწყობა. სექტემბრიდან დაიწყება მოწყობილობების დამონტაჟება, რომელთა ნაწილი უკვე შემოტანილია საქართველოში და გავლილი აქვს საქარხნო ტესტირება. ინტენსიური სამუშაოები ხორციელდება ქვესადგურიდან "ჯვარი" გამომავალ ელექტროგადამცემ ხაზებზე. ორჯაჭვა 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე "ლია 1,2" მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები, ხოლო 220 კილოვოლტიან ორჯაჭვა ელექტროგადამცემ ხაზზე "ოდიში 1,2" - ფუნდამენტების მოწყობის სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ჯვარი-ხორგას პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყო, ხოლო მისი დასრულება 2016 წლისთვისაა გათვალისწინებული. "პროექტის მიზანია მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდა, დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია და ზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.