გიორგი ალიბეგაშვილი: ბიუჯეტის კორექტირების თემას გავივლით და სადაც საშუალება იქნება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ვიზრუნებთ

ბიუჯეტის კორექტირების თემას ცხადია, გავივლით და სადაც საშუალება იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ვიზრუნებთ, - აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მეხუთე მოწვევის საკრებულომ თავისი დამოკიდებულება ეკონომიკური მიდგომებით გამოხატა. "ეს ვითარება ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით როგორც ვიცე- პრემიერმა განაცხადა, შეიძლება კიდევ აისახოს. როდესაც სტიქიის შედეგები მივიღეთ, საკრებულომ 200 000 ლარი გადარიცხა სტიქიის დაზარალებულთა ფონდში. სხვა მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული ეკონომია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება. ბიუჯეტის კორექტირების თემას ცხადია, გავივლით და სადაც საშუალება იქნება, ბუნებრივია, ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ვიზრუნებთ. ჯერჯერობით ამ საკითხზე საკრებულოს სხდომა არ იგეგმება, 2015 წლის ბიუჯეტში ეს ცვლილება უკვე მოხდა. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დროს, ამაზე მსჯელობა დაიწყება", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.