"კომუნალური ვაუჩერების გაცემის მიმართულებით ბევრი რამ ქაოსური იყო"

კომუნალური ვაუჩერების გაცემის მიმართულებით ბევრი რამ იყო ქაოსური, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა. გიორგი ალიბეგაშვილმა კომენტარი გააკეთა კომუნალური ვაუჩერის გაცემის წესში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია არ ეთანხმება და ყველა სოციალური ფენისათვის ვაუჩერის გაცემას ითხოვს.

"კომუნალური ვაუჩერების გაცემის მიმართულებით ბევრი რამ იყო ქაოსური. ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს. უპირველესად უნდა დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რეგულარულად უჭირთ, მაგრამ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული შემოსავალი და მინიმალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, იქ თავისთავად ცხადია, სხვა პოზიცია უნდა მოინახოს. ეს აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რა საჭიროებები აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს. არც ერთი სოციალურად დაუცველი არ დარჩება დაუკმაყოფილებელი", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ისეთ პირებს ქონდათ კომუნალური ვაუჩერი გამოყოფილი, რომელთაც პრინციპში არ სჭირდებოდათ. მისივე განცხადებით, ამ საკითხს სწავლობენ მერიაშიც და თავისთავად ცხადია, უფრო მეტი კონკრეტულობა იქნება.