საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ივლისში 39 მლნ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ივლისში 39.0 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 16 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.

სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1.0 %-ით გაიზარდა და 23.6 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.2 %-ით გაიზარდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.3 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.6 პროცენტი შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ივლისის თვის წმინდა მოგებამ 39.0 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.0% შეადგინა.