ივლისში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2%-ით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ივლისში, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2.0 %-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 291.0 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ივლისში სესხების მოცულობა 1.1 პროცენტით გაიზარდა) და 2015 წლის პირველი აგვისტოსათვის 15.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 103.1 მლნ ლარით (1.9 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 188.0 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებელის ზრდამ 0.6 პროცენტი შეადგინა). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.0 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.7 მლრდ ლარის (1.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2015 წლის ივლისის განმავლობაში 1.3 პროცენტით ანუ 91.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 6.9 მლრდ ლარს გადააჭარბა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ ივლისში 0.7 პროცენტი შეადგინა). სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.29 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 53.43 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.30 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.17 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.