რატომ არ ჩანს თბილისის ქუჩებში დაპირებული ჰიბრიდული ავტობუსები

ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები, რომლის შეძენაც ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში გადაწყდა, თბილისში კვლავ არ ჩანს.

15 მარტს საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა 500 მილიონი იაპონური იენის (დაახლოებით, 4,2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაშინდელი ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ნაწილით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა იგეგმებოდა. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე სამოძრაოდ უნდა დანიშნულიყო ჰიბრიდული ავტობუსები. გარდა ამისა, ე.წ. მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა იგეგმებოდა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემოდა.

bpn დაინტერესდა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და როდის გამოჩნდება თბილისში ჰიბრიდული ავტობუსები, რადგან შეთანხმებიდან თითქმის უკვე 5 თვეა გასული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტი დამტკიცდა და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"გრანტი დამტკიცებულია, მაგრამ კონკრტეულ დეტალებსა და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესია. ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, მეტი ინფორმაციის გაცემა რთულია", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის და რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები.

" მოლაპარაკებების ვადებსა და შედეგებზე საუბარი ჯერ რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები", - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.