ნოდარ ჯავახიშვილი: როცა ადამიანი ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს

როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ის სრულად იზიარებს პრემიერის პოზიციას, რომელიც არ იყო შეურაცხმყოფელი, არამედ იყო უფრო მოწოდება, რომ ფრთხილად ვიყოთ ლარზე საუბრისას.  "სიღრმისეულად ამ საკითხის შესწავლის საფუძველი არ მაქვს და არც შესაძლებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, უხსოვარი დროიდან, რაც ფული შეიქმნა არსებობს ეს პრობლემა. მაგალითად, გაგახსენებთ კუპონის პერიოდს, როდესაც ხელისუფლების ამა თუ იმ "ექსპერტის" ნებისმიერ განცხადებას რეალური უარყოფითი ან დადებითი შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით იყო გაკეთებული ეს განცხადება. ამიტომ, საერთოდ, როცა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ამაზეა დაფუძნებული ადამიანის წუთიერი იმედები", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება იმას, ბიუჯეტის კორექტირება შეეხება თუ არა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.  "ხვალვე შეგვიძლია გავაჩეროთ ავტობანზე მუშაობა, მაგრამ გვინდა ეს? უნდა გავითვალისწინოთ, რას ვღებულობთ რის ხარჯზე. მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ ჩვენ, რომლის შეჩერებაც ლარის კურსს ან გაამყარებს, ან გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის მისაღები იქნება. პირიქით, ნეტა იყოს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.