ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მეექვსე შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც თბილისში გაიმართა და მასში 57 დამფუძნებელი ქვეყანა მონაწილეობდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს. ბანკის შერჩეულმა პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო გახდეს ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელშიც ბანკი დაიწყებს ოპერირებას და განახორციელებს როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მეექვსე შეხვედრა იმართება თბილისში და სწორედ თბილისში მოხდა ბანკის პრეზიდენტის შერჩევა. ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა რატიფიცირება ამ ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტის შეთანხმების. ბანკი არის 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით შექმნილი და ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებზე სხვადასხვა სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი. ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ მჭიდრო თანამშრომლობას. მე პირადად ვაპირებ, რომ ჩინეთში ვიზიტის დროს განვიხილო კონკრეტული პროექტები ბანკის ხელმძღვანელებთან,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

AIIB წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებს ხელი მოეწერა 29 ივნისს. ხელმოწერის შემდეგ დამფუძნებელი ქვეყნების მომლაპარაკებელთა შეხვედრა სწორედ თბილისში შედგა. შეხვედრის დროს დამფუძნებელი ქვეყნების მიერ კონსესუსით ბანკის პრეზიდენტად ჯინ ლიქუინი შეირჩა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.