მიწათსარგებლობის გენგეგმის საკონკურსო წინადადებების განხილვაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ჩაერთვება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკონკურსო წინადადებების განხილვაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers) ჩაერთვება.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს 09:30 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" თბილისის მერი დავით ნარმანია და PWC-ს წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავენ.

მერიის ინფორმაციით, PWC მონაწილეობას მიიღებს საკონკურსო კომისიის სხდომებში, დაესწრება პრეზენტაციების განხილვებს, ჩაერთვება გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში.

"ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური PWC-სთან ერთად შეიმუშავებს გამარჯვებულ ჯგუფთან დასადები კონტრაქტის ფორმას. "PricewaterhouseCoopers" გეგმარებითი დავალების სრულყოფაში დახმარებას გაუწევს როგორც გამარჯვებულ კონკურსანტებს, ისე, არქიტექტურის სამსახურს", - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ცნობით, პრესკონფერენციის დასრულებისთანავე გაიმართება კონკურსანტთა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც შემდგომ გახდება საჯარო და აიტვირთება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე - www.tas.ge.

"თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გრძელვადიან პერიოდში დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული ხედვისა და პრიორიტეტების განხორციელების გზების განსაზღვრის მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსი 19 მაისს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს როგორც საქართველოს, ისე, სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა. ამის შემდეგ კომისიის ყველა წევრს, განსახილვევლად დაეგზავნა შემოსული თერთმეტივე საკონკურსო წინადადება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის წევრები არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა კავშირის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

მერიის ინფორმაციით, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს 3 (სამი) გამარჯვებული. წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს: I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, III ადგილისათვის - 20 000 ლარს.

"გამარჯვებულ კონკურსანტთან, რომელსაც მიენიჭება I ადგილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების მიზნით, გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების ფასი, შესრულების ვადა და ხელშეკრულების სხვა პირობები განისაზღვრება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.