მეცხვარეობაში კატასტროფული ვითარებაა

"თუ რეალიზაცია არ მოიმატებს, ეს დარგი საქართველოში მოკვდება"

მეცხვარეობას მთაში ოდითგანვე პატივსაცემ და ღირსეულ საქმედ მიიჩნევდნენ, ხოლო მეცხვარე წელგამართულ და უზრუნველყოფილ ადამიანად ითვლებოდა. დღეს კი, მეცხვარეებს მძიმე დრო უდგათ: "ამ დარგში იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ მათი გადალახვა წარმოუდგენლად მიმაჩნია, იმედიც აღარ მაქვს, რომ ვინმე მოგვისმენს და ჩვენს პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს", - ამბობს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელძღვანელი ბექა გონაშვილი, რომელსაც ამ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ჩვენი უმთავრესი სატკივარი ის არის, რომ ქართული ცხვრის რეალიზაცია ძალიან ჭირს. კლიენტები ნაკლებად გვყავს და ეს პრობლემა ძალიან გვაწუხებს. თუშეთის მხარეს, მაგალითად, აქამდე ერთი ცხვარიც კი არ არის გაყიდული, ხოლო სამხრეთ კავკასიონისკენ გაყიდული ცხვრის რაოდენობა მიზერულია. თანაც, სულ მალე მოდის დღესასწაული, რომელსაც ჰაჯი ჰქვია და არაბულ სამყაროში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დროს ყველაზე მეტად არის ცხვარზე მოთხოვნა. დღესასწაული 21 სექტემბერს აღინიშნება ანუ იქამდე ერთი თვეც აღარ არის დარჩენილი. ერთ თვეში ჩვენი ცხვარი უკვე არაბულ ქვეყნებში უნდა იყოს, მაგრამ შანსი არ არის, რომ ეს ერთ თვეში მოესწროს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოქტომბრისთვის ალბათ დაგვრჩება სულ ცოტა, 100 ათასი სული ჭარბი ცხვარი, რადგან აქამდე მხოლოდ 15-20 ათასამდე ქართული ცხვარია გაყიდული. ახლო მომავალშიც თუ ვერ გაიყიდება, შეიძლება 100 ათასზე მეტიც დაგვრჩეს. ისედაც საძოვრების ნაკლებობაა, გაუდაბნოებულია აღმოსავლეთ საქართველოს ზამთრის საძოვრები და რა მოვახერხოთ, ხომ არ დავხოცავთ პირუტყვს?

- გამოდის, რომ რთული მდგომარეობა გაქვთ.

- რთული კი არა, კატასტროფული! რა გვეშველება, არ ვიცით. ამ პერიოდში ცხვარი თუ არ გაიყიდა, მერე კლიენტები აღარ გვეყოლება. გამოდის, რომ ბარში როცა წამოვალთ, ეს 100 ათასი სული ცხვარი უკან უნდა წამოვიყვანოთ, ისინი დაიკავებენ საძოვრებს, რომლებიც დედა ცხვრისა და ნამატისთვის გვქონდა შენახული და ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას შეგვიქმნის. გასულ წლებში ამ პერიოდამდე ქართული ცხვრის ნახევარზე მეტი უკვე გაყიდული იყო. ძირითადად კლიენტები არაბული ქვეყნებიდან გვყავდა. ჩვენს ცხვარს საკმაოდ კარგად ყიდულობდნენ აზერბაიჯანელებიც, მაგრამ მათი ვალუტის კურსიდან გამომდინარე, იქაც ძალიან ცოტა მყიდველი დაგვრჩა. ამას ემატება განბაჟება, რის გამოც მოვაჭრეებს ცხვრის თავიანთ ქვეყანაში შეყვანა თითქმის 40 დოლარი უჯდებათ. აზერბაიჯანში ფასი მანათებში იგივე დარჩა, ხოლო მანათის კურსი ლარზე მეტად დაეცა. არაბულ ქვეყნებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი კლიენტი მოატყუეს, ბევრს იმედი გაუცრუეს და ჩვენ ეს კლიენტურა დავკარგეთ. ცხვრის შესაძენად დღესაც ბევრი შემოდის, მაგრამ სომხური ცხვარი უნდათ, სომხურ ცხვარს კი კონკურენციას ვერ ვუწევთ.

- რატომ?

- მე ადრეც მითქვამს ამ პრობლემის შესახებ: დაბალი ფასის გამო ქართული ცხვარი სომხურმა ჩაანაცვლა. სომხეთში ცხვრის შენახვა გაცილებით იაფი ჯდება და მათი პროდუქციაც იაფია, ამიტომ გადამყიდველებს სომხურ ცხვარში ფული რჩებათ, ჩვენს ცხვარში კი - არა. ამიტომ, აქ შემოჰყავთ სომხური ცხვარი და მერე რეექსპორტზე გაჰყავთ. ამ მიმართულებით იმდენ კანონდარღვევას აქვს ადგილი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ჩვენ კი, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფომ აკრძალოს სომხური ცხვრის შემოყვანა, დროებით მაინც, ვიდრე ახალ რეგულაციებს დააწესებს. თვითონვე აღიარებენ, რომ საკანონმდებლო დონეზე რაღაც ხვრელებია, მპირდებიან, რომ ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, მე ხომ არ გადავწყვეტ? ვფიქრობ, რომ ქართული ცხვარი ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტული უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ეს საექსპორტო პროდუქტია და დოლარი შემოაქვს, რომელიც ასე გვაკლია. სინამდვილეში კი, ჩვენში მეცხვრეობა არავის აინტერესებს.

- ბატონო ბექა, რატომ უჯდებათ მეცხვარეებს სომხეთში ცხვრის შენახვა უფრო იაფი?

- იმიტომ, რომ იქ არა აქვთ გადასახადები. ჩვენთვის კი, მიწის გადასახადი

ყველაზე მძიმე ტვირთია, ასევე - იჯარის გადასახადიც, თუ ვინმეს მიწა აქვს

ნაქირავები, ის თავისას ამატებს და ზოგიერთს ჰექტარზე 40-60 ლარის გადახდაც

კი უწევს, მაშინ, როცა ჰექტარზე გადასახადი წესით ერთი სული ცხვარი უნდა

იყოს. მწყემსის ხელფასი კი, ჩვენთან მიზერულია -  500-600 ლარი. ახლა რაც

შეეხება სომხეთს, იქ სულ სხვა სისტემაა: იქ მეცხვარეებს ხელფასებიც არა აქვთ იმიტომ, რომ ცხვარს სოფლის ნახირში უყრიან თავს. ჩვენ კი, სულ სხვა სისტემა და სხვა პრობლემები გვაქვს. სომხური ცხვარი იაფია, ამიტომ, არაბებიც უკვე მის ყიდვას ცდილობენ, ამის გამო არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული კლიენტურა დავკარგეთ. შესაბამისად, ქართული ცხვრის რეალიზაციაც კატასტროფულად შემცირდა. ადგილობრივ, ქართველ მომხმარებელს კი, ცხვარი მიზერული რაოდენობით სჭირდება.

- დავუშვათ, ეს ჭარბი 100 ათასი ცხვარი მართლაც დარჩა. თუ ხედავთ ამ პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ გზას?

- ერთადერთი გზა არსებობს: საქართველოში ცხვარი ყველამ უნდა შეიძინოს,

მაგრამ არ ყიდულობს ჩვენი მოსახლეობა ამდენ ცხვარს და როგორ მოვიქცეთ?

საბოლოოდ ჩავცვივდებით გადამყიდველების ხელში, რომლებიც ჩვენს ხარჯზე

დიდ ფულს იშოვნიან, რაც დღეს უკვე ხდება: მოდიან და 130 ლარს გვთავაზობენ

მაშინ, როცა შარშან ცხვარი 160-170 ლარი ღირდა, თანაც ვალუტის სულ

სხვა კურსი იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა დოლარის კურსის

მიხედვით და რამხელა ფულს შოულობენ მარტო ამ განსხვავებით.

წარმოიდგინეთ, ერთი მეცხვარე რამდენ სულს ინახავს. მით უმეტეს, ადგილობრივი აზერბაიჯანელები, რომელთა 80 პროცენტი მეცხვარეა, ისინი

ოჯახებით არიან ამ საქმეში ჩართული. ბავშვები და ცოლებიც კი ცხვარში

ჰყავთ. წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს ეცლება ხელიდან ლუკმაპური, მაგრამ

ამაზე არავინ ფიქრობს, ვერავის გავაგებინე და შევაგნებინე, რომ ამ ხალხის ასე

დატოვება არ შეიძლება. მათ უმრავლესობას განათლებაც არა აქვს და სხვა

პროფესიას ფიზიკურად ვერ აირჩევს. ორი წელია ამას ვიძახი და ვერავის

გავაგებინე. 30 ათასამდე კაცია დაკავშირებული მეცხვარეობასთან, ხოლო

დაახლოებით 5 ათასი თავად არის მეცხვარე. 2004 წლის აღწერით საქართველოში

მეცხვარეობას მისდევდა და ცხვარი ჰყავდა 42 886 ფერმერს. როგორც ჩანს, მათზე

არავინ ფიქრობს.

- ბატონო ბექა, არავის მიმართეთ ამ ვითარების გამო?

- ვიღას არ მივმართე, მაგრამ იმედი დაკარგული მაქვს. ეს საკითხები

ერთდროულად რამდენიმე უწყებას ეხება, ერთს რომ ვთხოვ, მეორესთან

მაგზავნიან, მეორეს რომ ვთხოვ, პირველთან და ასე, წრეზე დავდივარ, თანაც,

სრულიად უშედეგოდ. ფაქტია, რომ ცხვრის რეალიზაცია თუ არ გამოსწორდება, ეს

დარგი საქართველოში მოკვდება.

ხათუნა ჩიგოგიძე