„შავმა ორშაბათმა“ მილიარდერებს 124 მილიარდი დააკარგვინა

მიმდინარე კვირა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის მძიმედ დაიწყო.

International Business Times-ის ინფორმაციით, ორშაბათს ჩინეთის საფონდო ბირჟის 8,5 პროცენტით ვარდნის გამო, მსოფლიოს 400-მა მდიდარმა ადამიანმა, საერთო ჯამში, 124 მილიარდი დოლარი დაკარგა.

გამოცემის ცნობით, „შავ ორშაბათს“ მხოლოდ ჩინელი მილიარდერების დანაკარგმა 14 მილიარდი შეადგინა.

ჩინეთის საფონდო ბირჟის ვარდნის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა „დალიან ვანდა ჯგუფის“ თავმჯდომარე და აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი ვონგ ძიანლინი, რომლის ქონებაც ერთ დღეში 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

„შავი ორშაბათის“ გამო 3,2 მილიარდი დოლარით იზარალა პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბილ გეითსმა.

განსხვავებით 400 მდიდარი ადამიანისგან, შექმნილი ვითარებით სარგებელი ნახა იაპონელმა მილიარდერმა. დოლართან მიმართებაში იუანის გამყარების ფონზე იაპონელი ტადაში იანაი 106 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

გასულ კვირას მსოფლიო ბაზრების ვარდნის გამო 400-მა მდიდარმა ადამიანმა საერთო ჯამში 182 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.