ქართველები წელიწადის მესამედს დასვენებაში ატარებენ

საქართველოში დასვენების დღეების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ინიციატივას გაითვალისწინებს, უქმეებს კონსტიტუციის დღე - 24 აგვისტოც დაემატება. ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის წევრთა ერთ ნაწილს ჯერ არ უფიქრია, თუმცა მიაჩნიათ, რომ "ქართველებს ისედაც წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს". საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი თვლის, რომ 24 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებამ საზოგადოების ცნობიერებაში, შესაძლოა, კონსტიტუციისადმი პატივისცემა აამაღლოს.

ქვეყანაში წელიწადში 119 დასვენების დღეა, ანუ დასაქმებულები წლის განმავლობაში 1/3-ს ისვენებენ. არადა ისეთ ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა და მოსახლეობა მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდეს, სინამდვილეში ადამიანები საკმაოდ ბევრს ისვენებენ. თუმცა არსებობს მეორე პრობლემაც, ქვეყანაში რეალურად არ არსებობს სამუშაო და, შესაბამისად, ადამიანი 365 დღეს დაისვენებს თუ 119-ს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

წელიწადში 42 კვირა და შესაბამისად, ერთობლივად 104 შაბათ-კვირაა. ჩვენი კანონმდებლობით კი, შაბათ-კვირა უქმე დღეებად ითვლება და ამ დროს სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ კომპანიების დიდი ნაწილი არ მუშაობს. გარდა ამისა, უქმე დღეებადაა გამოცხადებული სხვადასხვა საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებიც, რაც საერთო ჯამში 14 დღეს უტოლდება.

ოფიციალურად დასვენების დღეებადაა გამოცხადებული 1-ლი და 2 იანვარი - ახალი წელი, 7 იანვარი - შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, 19 იანვარი - ნათლისღება, წყლის კურთხევა, 3 მარტი - დედის დღე, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 12 მაისი - ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა.

ამასთან, დასვენების დღეებია 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო - მარიამობა, მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, 14 ოქტომბერი - მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, 23 ნოემბერი - გიორგობა. რაც შეეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ის ყოველთვის კვირა დღესაა და შესაბამისად, უქმე დღე უქმე დღედ რჩება. აღდგომის წინა პარასკევი (წითელი პარასკევი) და შემდგომი ორშაბათი, მიცვალებულთა მოხსენიების დღე, ჩვენთან უქმედაა გამოცხადებული.

ამ ყველა დღეს, შესაძლოა, მომავალში 24 აგვისტოც მიემატოს, კონსტიტუციის დღე. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე გამოვიდა. როგორც პრეზიდენტმა რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითოეული მოქალაქის კუთნვილებას ამ დოკუმენტის მიმართ.

"დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი, სწორედაც, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით მისი საერთო სახალხო დოკუმენტად გახდომის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კი ამბობს, რომ "ქართველებს წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს".

"კონსტიტუციის დღეზე ნამდვილად არ მიფიქრია ბევრი, მაგრამ ისე თუ ჩავუღრმავდებით, უამრავი, წარმოუდგენლად ბევრი გამოსასვლელი დღე გვაქვს ქართველებს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის დღე უქმედ გამოცხადდეს, პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ საქართველოს ისედაც ბევრი უქმე დღე აქვს, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება.

"კონსტიტუციით ეს პარლამენტის პრეროგატივაა, პრეზიდენტს აქვს იდეა და ამაზე მსჯლეობა შეიძლება, თუმცა მე რომ მკითხოთ, ისედაც ბევრი უქმე დღე გვაქვს. ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რომ კონსტიტუცია ცხოვრებაში დაინერგოს. ვნახოთ, მე ახლა მოვისმინე ეს იდეა და დავფიქრდებით. ყოველ წელს რომ უნდა აღვნიშნოთ კონსტიტუციის დღე, ეს ნამდვილად ასეა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საერთო ჯამში, როგორც ჩანს, ქვეყანაში საკმაოდ ბევრი უქმე დღეა. დასვენების დღეები ბევრია ისეთ ქვეყანაში, სადაც როგორც საერო, ასევე საეკლესიო დღესასწაულები საკმაოდ მნიშვნელოვანია და მათ როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება დიდ უპირატესობას ანიჭებს. თუმცა სხვაა ქართული რეალობა, სადაც არც სამსახურია და ვინც მუშაობს, ისიც ბევრს ისვენებს.

ეკონომისტი ზვიად კანდელაკი მთავარ პრობლემად არა უქმე დღეების რაოდენობას, არამედ ქვეყანაში არსებულ ტოტალურ უმუშევრობას ასახელებს.

"ჩვენთან იმიტომაა ასეთი ოდენობით უქმე დღეები, რომ საერო და საეკლესიო დღესასწაულები ბევრია. ორივე დღესასწაული პრიორიტეტულად ითვლება და თანაბრად უწევენ ანგარიშს როგორც ერთ, ასევე მეორეს. ჩვენთან ეკონომიკა ნაკლებად მუშაობს, ვერ ვითარდება იმ ფორმით და ტემპით, როგორც უნდა ვითარდებოდეს, აქედან გამომდინარე არ არის სამუშაო ადგილები. უბედურება ის კი არ არის, რომ დასვენების დღეებია ბევრი, არამედ ის, რომ სამსახური არ არის.

ცხადია, რომ ადამიანს თუკი ეკონომიკა მისცემდა სტიმულს, ის იმუშავებდა. ვინც მუშაობს, ის ღირსეულ ანაზღაურებას არ იღებს; ანუ ჩვენთან ისე ხდება, რომ მოსახლოების დიდი ნაწილი უმუშევარია, ამავე დროს კი დასაქმებულების დიდი ნაწილი დღეში 10 საათზე მეტს მუშაობს და არასათანადო ანაზღაურებას იღებს", - განაცხადა კანდელაკმა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ზვიად კანდელაკის თქმით, ასეთი რაოდენობით უქმე დღეები ყველა იმ ქვეყანაშია, სადაც კონსტიტუციისთვის ორმხრივად მნიშვნელოვანია როგორც საერო, ისევე საეკლესიო დღესასწაულები.

"ამერიკაში რელიგიურ დღესასწაულებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ და უქმე დღეები ძალიან ცოტაა, პოლონეთში - ბევრი და ასე შემდეგ", - დასძინა კანდელაკმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მდგომარეობა ნებისმიერი ტიპის სამსახურში იმდენად მძიმეა, რომ ერთადერთი, რაც დაქირავებულებს გარკვეულ იმედს აძლევს, არის ოფიციალური დასვენების დღეები. ამიტომ, დაქირავებულების მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, უქმე დღეები გარკვეულწილად რაღაც ტიპის შეღავათად ითვლება.

კონსტიტუციის მიღების დღის, 24 აგვისტოს უქმედ გამოცხადება, ძალიან კარგი იდეაა, რა თქმა უნდა, თუ ეს ბიუჯეტს და სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზარალს არ მიაყენებს. ეს ინიციატივა პირადად მე ძალიან მომეწონა. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა, 24 აგვისტო დასვენების დღე, კონსტიტუციის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაინც ძალიან კარგი რამაა, შეიძლება ამით ჩვენს ცნობიერებაში რაღაც კულტურასაც ჩაეყაროს საფუძველი.

ამ დღის უქმედ გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეს დღე თავისთავად აქტუალური იქნება რიგით ადამიანებისათვის და ამ მხრივაც, შეიძლება ამან რაღაც განსაკუთრებული პოზიტივიც შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს ეხება ახალ თაობას, რომელიც უფრო საქმიანი და პრაგმატულია, და რომლებიც ამ საკითხს უფრო კარგად შეეგუებიან. ამიტომ ჩემი აზრით, 24 აგვისტოს დასვენების დღის გამოცხადება კარგი იქნება, პირველი იმიტომ, რომ ეს სიმბოლურია და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა კონსტიტუციას, მეორე - ჩვენ დაქირავებულებს ისედაც მძიმე პირობებში ამით რაღაც პატარა შეღავათი მოგვეცემა," - განუცხადა "რეზონანსს" გამზარდიამ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"