ნაზარბაევი ტენგეს გაუფასურებით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას ჰპირდება

ყაზახეთის პრეზიდენტი ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დეპოზიტს სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავს და ერთი წლის განმავლობაში არ გაიტანს, კომპენსაციას ჰპირდება. ამის შესახებ ნურსულთან ნაზარბაევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

"ეროვნულ ბანკს ვავალებ ეროვნული კურსის ცვალებადობით გამოწვეული მოსახლეობის დანაკარგის ანაზღაურებას, უნდა შეიქმნას იმ ფიზიკური პირების დეპოზიტების კომპენსაციის მექანიზმი, რომელთაც დეპოზიტები 2015 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით ტენგეში აქვთ გახსნილი", - აღნიშნა ყაზეხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამგვარად მოსახლეობა არ დაზარალდება კურსის ცვალებადობით. ნაზარბაევის განმარტებით, ამისთვის საჭიროა მოსახლეობამ თავიანთი დეპოზიტები სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხონ.

"ეს გულისხმობს დაახლოებით 1 700 000 მოქალაქის და დეპოზიტების მქონე მოსახლეობის 86 პროცენტის ზარალისგან დახსნას", - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა და დასძინა, რომ მათი უმრავლესობა პენსიონერი იქნება.

ყახაზური ეროვნული ვალუტა ტენგე გასულ კვირას მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში 22%-ზე მეტით გაუფასურდა. 2014 წლის იანვრიდან დღემდე კი მისი ფასი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 40 პროცენტით დაეცა, რაც მცურავი კურსის ამოქმედებამ გამოიწვია.