მსოფლიოში ნავთობზე ფასი მცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობზე ფასი მცირდება.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ფიქსირდება ნავთობის ფასის კლების ტენდეციები. დღეისათვის ნავთობის ფასი 2009 წლის თებერვლის თვის მინიმუმ მაჩვენებლამდეა დაცემული.

"ნავთობის ფასის კლება განპირობებულია სხვადასხვა გარემოებებით. მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე არის ნავთობის ჭარბი ოდენობა. ასევე ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ირანის შესაძლო სრულფასოვანი დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მას შემდეგ, რაც სანქციები მოეხსნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო პერიოდში ჩინეთში განვითარებული ცნობილი მოვლენები, რომელიც თავის მხრივ არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკისა და ნავთობის მოხმარების მიხედვით. კერძოდ, აქ საქმე ეხება ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებას.

ნავთობის ფასის შემდგომი განვითარება მიმდინარე ეტაპზე მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასთან. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის ფასი კვლავ განაგრძობს კლებას.

ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ასევე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება Platt's-ის მიხედვით, რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი. კერძოდ, დღეისათვის ბენზინის საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით შეადგენს 481,75 დოლარს/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის საწვავის ფასი - 431.00 დოლარს/ტონაზე.

აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე აგვისტოს თვეში საქართველოს საცალო ქსელში მოხდა საწვავის ფასის კლება 5 თეთრით/ლიტრზე. კერძოდ, დღეისათვის ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი - 2.12-2.15 ლარი; პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2,04-2,10 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,88-2,04 ლარი; დიზელი ლ-62 -1,85-1,87 ლარი; ევრო დიზელი - 1,99-2,02 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10-15 თეთრით ნაკლებია ბრენდირებულ გასამართ სადგურებთან შედარებით.

საქართველოში საწვავის საცალო ფასი დამოკიდებულია 2 ძირითად ფაქტორზე: ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. როგორც ცნობილია, ლარი ბოლო პერიოდში მკვეთრად უფასურდება დოლართან მიმართებაში, რაც პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასის ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვერ მოხდა საწვავზე ფასის უფრო მეტად შემცირება.

Platt's-ის მიხედვით საერთაშორისო ფასის კლების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, კომპანიების მხრიდან ახალი იმპორტების განხორციელების შემდეგ, ლარის სტაბილურობისა და გამყარების პირობებში საწვავის ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.