"ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში  ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებულია

ბაზარზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით გამყარდა.

როგორც სავალუტო ჯიხურებში, ასევე კომერციული ბანკების ნაწილში დღეს ამერიკული დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. ამასთან, ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, რომლის საშუალებითაც ვალუტებით ვაჭრობის გარიგებები ხდება, ამ დროის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარებულია. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან მიმდინარე სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათამდე ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების გათვალისწინებით დოლარის მიმართ ლარის საშუალო შეწონილ კურსს გაიანგარიშებს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი შედარებით გამყარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა ფიქრობს, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური კურსით, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ოდნავ გამყარდეს.

”წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი, როგორც განსხვავებული საბაზრო კურსისგან. საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი არის სწორედ აღებული საშუალო საბაზრო კურსი. შეიძლება ერთი-ორი დღე ის აცდეს ბლუმბერგის კურსს, მაგრამ საბოლოო ჯამში, აუცილებლად დაემთხვევა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ დღეს გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი, შესაძლოა, ოდნავ გამყარდეს. რთულია პროგნოზის გაკეთება ზუსტად რა იქნება, მაგრამ ეს ორი კურსი აუცილებლად ემთხვევა ერთმანეთს”, - განაცხადა კეპულაძემ.

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობიდან გამომდინარე, მსჯელობა და დასკვნების გაკეთება რთულია.

”შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უფრო მეტად უკავშირდება ე.წ. მოლოდინებს, ანუ უფრო დოლართან მიმართებაში ლარის კურსი უფრო აჟიოტაჟურია, ვიდრე რეალურად ის სიტუაციაა, რაც უნდა იყოს. ამიტომაც მე ველოდები იმას, რომ ამას უკურეაქცია მოჰყვება. როდესაც მოლოდინებიდან გამომდინარე ადამიანები დიდი რაოდენობით ლარის კონვერტირებას დოლარში ახდენენ, ეს ლარის დეფიციტს იწვევს და მერე უკუპროცესი ხდება. საერთო ჯამში, ამ ტენდენციას უნდა ველოდოთ”, - განუცხადა bpn-ს ცომაიამ, თუმცა როდიდან შეიძლება დაიწყოს გამყარების ტენდენცია, მისი თქმით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

რაც შეეხება დღევანდელ ოფიცალურ კურსს, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ის უფრო დამაიმედებელი და დამაწყნარებელი იქნება.

”იმათთვისაც დამაწყნარებელია, ვინც ისტერიულად ლარს უცხოურ ვალუტაში ახურდავებს და ცდილობს, თავისი დანაზოგები უცხოურ ვალუტაში შეინახოს. ეს ტენდენცია მიმართული იქნება უფრო მეტად დასტაბილურებისკენ სხვა თანაბარ პირობებში, ანუ თუ დამატებითი ფაქტორები არ დაემატა, მაგალითად, ჩინეთის საფონდო ბირჟაზე ინდექსები არ გაუარესდა, თურქული ლირა უფრო მეტად არ გაუფასურდა და ისევ არ შეიქმნა ისეთი მოლიდინები, რომ საქართველოშიც რაღაცა მოხდება, ანუ სხვა თანაბარ პირობებში ტენდენცია იქნება გამყარებისკენ, თუმცა ჩვენ არ ვიცით ის მრავალი ფაქტორი, რაც ამაზე მოქმედებს, რა მიმართულებით, როგორ და რა სიზუსტით დაიწყებს სინქრონულად სვლას”, - განაცხადა ცომაიამ.

დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალურ, ახალ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარ ვებგვერდზე დაახლოებით, 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.

ნათია რუხაძე