ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის წარმომადგენელი მთავრობას მიმართავს

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის სამართლებრივი წარმომადგენელი, ქეთი ქვარცხავა, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც დავით იაკობაშვილის ჯგუფში შემავალი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება.

იაკობაშვილის სამართლებრივმა წარმომადგენელმა ქეთი ქვარცხავამ "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. ქვარცხავა მთავრობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიმართავს და აცხადებს, რომ დავით იაკობაშვილის ბიზნეს ჯგუფი კვლავაც გააგრძელებს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას და იმედს იტოვებს, რომ დაწყებული პროცესი წარიმართება და დასრულდება მაქსიმალურად ოპერატიულად და გამჭვირვალედ,

"დავით იაკობაშვილი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი, გადამხდელი და დამსაქმებელი. იაკობაშვილის ბიზნეს ბიოგრაფიასთანაა დაკავშირებული არაერთი გამჭვირვალე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმატებული ბიზნეს პროექტები და კომპანიები, რომელთა მთავარი პრინციპებია ღია და პატიოსანი ბიზნესის წარმოება.

ბოლო ორი წლის მანძილზე ჯგუფის წინააღმდეგ პერმანენტულად ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები და დაუსრულებელი საგადასახადო შემოწმებები. პროცესი უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობს პროცედურული და სამართლებლივი გადაცდენებით, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება როგორც ჯგუფის საინვესტიციო გეგმებზე, ასევე ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე", - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

იურისტი მთავრობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიმართავს და აცხადებს, რომ დავით იაკობაშვილის ბიზნეს ჯგუფი კვლავაც გააგრძელებს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას და იმედს იტოვებს, რომ დაწყებული პროცესი წარიმართება და დასრულდება მაქსიმალურად ოპერატიულად და გამჭვირვალედ, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის დეკლარირებულ ინტერესებზე.

ქეთი ქვარცხავა იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდება ჯანსაღი ბიზნეს გარემო, რაც გადასახადების და ინვესტიციების ზრდასთან არის უშუალო კავშირში. შექმნილი ვითარება ასევე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, ქვეყნის წინაშე შექმნილ რთულ ეკონომიკურ გარემოზე და რისკის ქვეშ აყენებს არსებულ ინვესტიციებსა და უკვე შექმნილ სამუშაო ადგილებს.

"ინვესტორ, დავით იაკობაშვილის მიერ 2012 წლიდან საქართვლოში განხორციელებულია 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია და მის ჯგუფში დასაქმებულია საქართველოს 3100 მოქალაქე. ამ პერიოდის განმავლობაში ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 400 მილიონ ლარზე მეტი, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხოლოდ 2014 წელს ამ ციფრმა 142 მილიონ ლარს გადააჭარბა", - განცხადა ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის სამართლებრივმა წარმომადგენელმა ქეთი ქვარცხავამ.

იაკობაშვილის წარმომადგენელს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია თუ რომელ კომპანიებზეა საუბარი.