თემურ ჭყონია: "ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დადებითი მოლოდინები არ მაქვს"

რა გავლენას ახდენს ლარის არასტაბილურობა მსხვილ ბიზნესზე

ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური გარემო და ლარის დევალვაცია არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე, არამედ მსხვილ ბიზნესებზეც აისახა. ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობამ ბიზნესმენთა ნაწილის საქმიანობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. თუმცა, მათი ნაწილი ცდილობს ბიზნესგეგმები არ შეცვალოს და სირთულეების მიუხედავად, საქმიანობა გეგმების მიხედვით გააგრძელოს. ბიზნესმენი თემურ ჭყონია bpn-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, გეგმების ბოლომდე მიყვანას აპირებს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მსყიდველუნარიანობის დაქვეითება, ხალხის პესიმიზმი, რა თქმა უნდა, აისახება ბიზნესზე. ჩვენ საინვესტიციო გეგმებს არ ვცვლით მიუხედავად იმისა, რომ ვითარება არაპროგნოზირებადია და ძალიან ხშირად იცვლება ლარის კურსი. ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, რომელიც უნდა შევასრულოთ“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში დადებით ეკონომიკურ ძვრებს არ ელოდება:

„როგორ უნდა შეიცვალოს დადებითად, როდესაც არანაირი ძვრები არ ხდება. მე არ ვარ განწყობილი, რომ იქნება დადებითი ცვლილებები. პარლამენტის ზოგიერთი წევრი საუბრობდა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება და კონკრეტულ ციფრს ასახელებდნენ. ჩემთვის მიუღებელია ასეთი პროგნოზები, რომელიც არაფერზეა დამყარებული. მერე არავინ იხდის ბოდიშს იმისთვის, რომ შეცდა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დადებითი მოლოდინები არ მაქვს“.

ზარალზე საუბრობს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც. მისი თქმით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბიზნესგეგმების შეცვლის აუცილებლობის წინაშე დადგა.

„ეკონომიკურმა პრობლემებმა როგორც ყველა ბიზნესზე, ჩვენზეც საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ყველა მიმართულებით. ეს აისახა ბიზნესგეგმებზეც. ამჟამად სწორედ აღნიშნულ საკითხზე ვმსჯელობთ, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ და რა ცვლილებებიც უნდა განვახორცილოთ“, - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.

ლარის კურსის ცვლილება ნაკლებად აისახა ისეთ ბიზნესმენებზე, რომელთა საქმიანობაც ძირითადად მიმართულია პროდუქციის ექსპორტზე. მათ შორის არის „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.

„საქართველოში რასაც ვაწარმოებთ, 0,1 პროცენტის გარდა, გადის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. წარმოების კუთხით არაფერი გაგვიჩერებია. რამდენი ადამიანიც იყო დასაქმებული, იმდენივე გვყავს ახლა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ჩვენი პროდუქციის წარმოებას. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ და იმის მიხედვით ვგეგმავთ საქმიანობას. ამ ეტაპზე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა bpn-თან საუბრისას ბიზნესმენმა, ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ბიზნესმენთა ნაწილს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა ცდილობენ ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას შედარებით მომზადებულები შეხვდნენ. თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ბევრი რამ თავად ადგილობრივ ბიზნესმენებზეა დამოკიდებული და ინვესტიციები სწორედ მათ უნდა განახორციელონ.

თამთა ჯიჯავაძე