ვინ შეცვლის ეკონომიკის მინისტრს?

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება.

დასახელებულ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთი არის გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენია. bpn-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის პოსტზე ასევე განიხილება თბილისის ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა კი საგარეო უწყების ხელმძღვანელად განიხილება.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს ირაკლი მანაგაძე, რომელიც 1998-2005 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების საფინანსო მრჩეველია. დაზუსტებული ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ სავარაუდოდ 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.