2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 40%-ით შემცირდება

საქართველოს მოსახლეობა 2030 წლისთვის 3 მილიონ 870 ათას ადამიანამდე შემცირდება. 

გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1,5 მილიონით, ანუ დაახლოებით, 40%-ით და 2 მილიონ 440 ათასით შემოიფარგლება.

აღსანიშნავია, რომ 1950 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 3,5 მილიონი იყო, პიკს - 5,5 მილიონს- 1989 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი განუხრელი კლება შეინიშნება.

გაეროს ექსპერტები პესიმისტურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მეზობელ სომხეთსაც, სადაც 2100 წლისთვის 40%-იანი კლებაა მოსალოდნელი (1,8 მილიონამდე).

სამაგიეროდ, აზერბაიჯანელთა რაოდენობა 2030 წლამდე ერთი მილიონით გაიზრდება, თუმცა, 2100 წლისთვის, დაახლოებით, იმავე მაჩვენებლით შემცირდება და ძველ ნიშნულს - 9,6 მილიონს - დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 1950 წელს საქართველოს ჩამორჩებოდა ( 2,9 მილიონი).

2100 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის რიცხოვნება 20%-ით შემცირდება და 117 მილიონით შემოიფარგლება, ბელორუსის - 30%-ით, 6,9 მილიონამდე, უკრაინის კი - თითქმის განახევრდება და 26,4 მილიონით განისაზღვრება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსახლეობის ზრდის ტემპებით გამოირჩევა ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო (თურქმენეთის გარდა), თითქმის ყველგან მათი რაოდენობა გაორმაგდება.

რაც შეეხება სხვა მეზობლებს, თურქეთის მოსახლეობა, დაახლოებით, 10 მილიონით მოიმატებს და 88 მილიონს მიაღწევს, ირანში კი, პირიქით, იმავე რაოდენობით შემცირდება და 70 მილიონით განისაზღვრება.

გაერო-ს პუბლიკაციის მიხედვით, პლანეტის მოსახლეობა ამ ეტაპზე 7, 3 მილიარდით განისაზღვრება, 2030 წლისთვის 1,2 მილიარდით გაიზრდება და 8,5 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2100 წლისთვის 11,2 მილიარდს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სულ რაღაც შვიდ წელიწადში ინდოეთი თავისი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრებს და პირველ ადგილზე აღმოჩნდება, ხოლო ნიგერია კი აშშ-ს უკან ჩამოიტოვებს და მესამე ადგილს დაიკავებს.

ბელა ნოზაძე