"ფეისბუქის" მომხმარებელთა რიცხვმა რეკორდს მიაღწია

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მომხმარებელთა რიცხვმა რეკორდულ რაოდენობას -  ერთ დღეში მილიარდს მიაღწია.

ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის თქმით, მიმდინარე კვირის დასაწყისში - 24 აგვისტოს დედამიწაზე მცხოვრებმა ყოველმა მეშვიდე ადამიანმა "ფეისბუქი" გამოიყენა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საკონტაქტოდ.

"ჩვენ პირველად მივაღწიეთ ამ შედეგს და ეს მსოფლიოს დაკავშირების დასაწყისია", - აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

"ბიბისის" ცნობით, კომპანიის მომხმარებელთა რიცხვმა მილიარდს პირველად 2012 წლის ოქტომბრის თვეში მიაღწია.

მარკ ცუკერბერგმა "ფეისბუქი" 2004 წელს, ჰარვარდში სწავლისას დააარსა.