"ადამიანთა თავისუფლების ინდექსში" საქართველო 48-ე პოზიციაზეა

7,50 ქულით საქართველო "ადამიანთა თავისუფლების ინდექსში" 152 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.

ინდექსი მსოფლიოში ინდივიდუალური თავისუფლების დონეს ასახავს, რომელიც პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური სფეროს შეფასებით ანგარიშდება. საქართველოში პერსონალური თავისუფლება 7,28 ქულით შეფასდა, ეკონომიკური თავისუფლება კი 7,73 ქულით, თავისუფლება - 7,50 ქულით, დემოკრატიის ინდექსი კი 5,37 ქულით შეფასდა.

კვლევა მსოფლიოს 150 ქვეყანაში ვაშინგტონის კატონის, ვანკუვერის ფრეიზერის ინსტიტუტებმა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა ჩაატარეს. კვლევა ეფუძნება 76 მაჩვენებელს, რომელიც 12 კატეგორიად არის დაჯგუფებული: კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება, სარწმუნოება, სამოქალაქო საზოგადოება, აზრის გამოხატვა, ასევე სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება, საერთაშორისო დონეზე თავისუფალი ვაჭრობა და სხვა მაჩვენებლები.

რეიტინგის საბოლოო შედეგი 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა. კვლევის ავტორთა განცხადებით, მსოფლიოში თავისუფლების საერთო დონე 6,96 ქულით შეფასდა ათქულიანი სისტემით.

რეიტინგში პირველი ადგილი ჰონგ კონგს ერგო, რომელსაც შვეიცარია, ფინეთი, დანია, ახალი ზელანდია, კანადა, ავსტრალია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი მოჰყვა.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - რუსეთი 111-ე პოზიციაზეა, უკრაინა 74-ე, აზერბაიჯანი - 126-ე, სომხეთი - 53, ხოლო თურქეთი - 63-ე პოზიციაზეა.

"ადამიანთა თავისუფლების ინდექსის" ბოლო ხუთ საფეხურს იემენი, ზიმბაბვე, ბირმა, კონგო და ირანი იკავებენ.