სად და როგორ ისვენებდნენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები?

ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის დასვენება და განტვირთვა აუცილებელია.

რაიმე ფასეულის შესაქმნელად როგორც რიგით მოქალაქეს, ისე ქვეყნის პირველ პირს სრულყოფილი დასვენება ესაჭიროება. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, სად ატარებდნენ შვებულებას დამოუკიდებელი საქართველოს მმართველები:

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს მეორე პრეზიდენტი თერთ­მეტწლიანი მმართველობის პერიოდში, ოფიციალურად შვებულებაში მხოლოდ ორჯერ გავიდა და მაშინაც საქართ­ველოს ფარგლებს არ გასცდენია. ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლიკანსა და წინანდალში ყოფნა უყვარდა - შვებულე­ბას­ ლიკანის სამთავრობო რეზიდენციაში­ ატარებდა, ოფიციალურ დელეგაციებს კი კახეთში მასპინძლობდა. მისი თანამებრძოლები იხსენებენ, რომ პრეზიდენტი ნასვამი მხოლოდ ერთხელ, ისიც წინანდლის რეზიდენციაში ნახეს. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მაშინდელ მმართველს, ირაკლი ანდ­რიაძეს, თურმე წინანდალში საგანგებოდ პრეზიდენტისთვის მუხის კასრში დაყენე­ბ­ული არაყი ყოველთვის გად­ანახული ჰქონდა - შევარდნაძე ალკოჰოლურ სასმელს მხოლოდ წინანდლის რეზიდენციაში­ მიირთმევდა. ძალიან ჰყვარებია ლიკანის ულამაზესი ხედებით ტკბობა, განსაკუთრებით მწვანე­ მონასტერი.

მიხეილ სააკაშვილი

მას მოგზაურობა, საზღვარგარეთ შოპინგი და ვოიაჟი­ განსაკუთრებით უყვარდა, რის გამოც სკანდალშიც ხშირად ეხვეოდა. ცნობილია, რომ დასასვენებლად იტალიის ცნობილ კურორტებს არჩევდა. ის უნახავთ მერანოს ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც დღე-ღამის გატარება 1.350 ევრო ღირს. ექსპრეზიდენტი ტაილანდის ცნობილ ეგზოტიკურ კურორტზეც შენიშნეს, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ. 2013 წლის გაზაფხულზე სააკაშვილი ოჯახთან ერთად ეგვიპტეში ისვენებდა. ცნობილია, რომ ძალიან უყვარდა აჭარასა და სვანეთში დასვენებაც, აჭარული და სვანური სამზარეულოც, განტვირთვისთვის კი ხშირად კახეთს სტუმრობდა.

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი ძირითადად შეკვეთილში, თავის რეზიდენციაში, ისვენებს, სადაც მას ეგზოტიკური ცხოველებიც ჰყავს. მის რეზიდენციას სპეციალური სანაპირო ზოლი აქვს, სადაც უნებართვოდ უცხო პირი ვერ მოხვდება. ბიძინა ივანიშვილს მთის კურორტებიდან ლიკანი მოსწონს.

ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც კანცელარიაში გვითხრეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კუთვნილი შვებულებით ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად არ უსარგებლია­. მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციაც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი ზამთრის არდადეგებზე დასასვენებლად ბაკურიანს არჩევს. როგორც ამბობენ, პრემიერი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში მშობლიურ სახლს ხშირად სტუმრობს.

იხილეთ სრულად