სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა, პენსიონერთა რაოდენობა კი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 761 ათასით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი. აშშ-ს აღწერების ბიუროს მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიოს ყველაზე დაბერებულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-14 ადგილზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ამავე მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირდა, ამ ფონზე კი საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული.

2014 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 490 ათასზე მეტს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 3 მილიონ 729 ათასს მცირეოდენით აღემატება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 700 ათასით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გაეროს კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო პოპულაციის ზრდისა და შემცირების დინამიკას ასახავს, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 12.9%-ით შემცირდება.

საქართველოში ძალზედ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი. აშშ-ის აღწერების ბიუროს მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიოს 25 დემოგრაფიულად ყველაზე დაბერებულ ქვეყანას შორის საქართველო მე-14 ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც დემოგრაფები აცხადებენ, აღნიშნული პროცესები გამოწვეულია იმით, რომ საქართველოდან სისტემატურად ხდება მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება, ძირითადად ახალგაზრდების, რაც ხელს უშლის სტაბილური ოჯახების შექმნას. შობადობაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიც.

საქართველოში საკმაოდ მაღალი იყო სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა, თუმცა, 2014 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შემცირდა. თუკი, 2006-დან 2013 წლის ჩათვლით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74-დან 75 წლამდე მერყეობდა, 2014 წელს 72,9 წელს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯერჯერობით ვერ ხსნის ფაქტს, თუ რატომ არის ასეთ მცირე დროში სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა შემცირებული. აღნიშნული საკითხის შესწავლას საქსტატი მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს. რაც შეეხება წლევანდელ სტატისტიკას, ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ პირველი იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 761 ათასით შემცირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას კი სტატისტიკის ეროვნული სააგენტო წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

ამ თემაზე "მთელი კვირა" დემოგრაფ ანზორ სამხარაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2002-დან 2014 წლამდე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ასეთი შემცირებული არ ყოფილა. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო დაფიქსირებული (75,2).

"მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ საქართველოში საგრძნობლად ნაკლები რაოდენობა დააფიქსირა, თითქმის შვიდასი ათასით არის შემცირებული. თუმცა, ამ პროცესებთან მოსახლეობის სიცოცხლის საშულაო ხანგრძლივობა არანაირ კავშირში არ არის. იგი არის მოსახლეობის მოკვდაობის დროის მაჩვენებელი. მართალია, შემცირებულია მოსახლეობის რაოდენობა, თუმცა რა კატეგორიაა შემცირებული- ახალგაზრდები, მოხუცებულები, ქალები, კაცები - ეს ცნობილი არ არის. შესაბამისად, ვერ ვიტყვით მოსახლეობის რა კატეგორია შემცირდა და რატომ გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი კვლევების ჩატარება, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ზოგადად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის დინამიკა არ არის გაუარესებული და მეტ-ნაკლებად შეესაბამება თანამედროვე განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებლებს. როგორც წესი განსხვავებულია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებსა და მამაკაცებში. ქალების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი კაცებისას თითქმის 9 წლით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი, რაც ნიშნავს, რომ იზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. თუმცა, 2014 წლის მონაცემი მოულოდნელი იყო, როგორც ჩვენთთვის, დემოგრაფებისთვის, ისე თავად საქსტატის თანამშრომლებისთვისაც. ჯერჯერობით თავად ისინიც ვერ ხსნიან, თუ რატომ შემცირდა წინა წლებთან შედარებით ასე მკვეთრად სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქსტატი აცხადებს, რომ მოხდება მოსახლეობის რიცხოვნობის გადაანგარიშება. აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხვიანობის გადაანგარიშება მოხდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოსახლეობის აღწერების მასალების დამუშავება, რასაც მომავალი წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ აპრილში გეგმავენ. შემდეგ გადაინგარიშებენ 2002-დან 2014 წლამდე არსებულ მონაცემებს, თუ როგორი იყო წლების მიხედვით მონაცემები, რის შემდეგაც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შეეძლება გასცეს პასუხი 2014 წლის სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელ ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ კითხვებს", - ამბობს ანზორ სამხარაძე.

გვანცა ღვედაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"