1-ელ სექტემბერს კონკურსი "მომავალი თბილისი დღეს 2015" გამოცხადდება

თბილისის განვითარების ფონდი მერიის მხარდაჭერით, Peter Moennig ფონდთან და Tbilisi International Rotary Club-თან ერთად, ხვალ გამოაცხადებს 2015 წლის არქიტექტურულ კონკურსს "მომავალი თბილისი დღეს 2015".

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი პროფილის სტუდენტებს. ორგანიზატორები კონკურსანტებს ორ მიმართულებას სთავაზობენ: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის კონცეფციის შექმნა (მოედანი, ქუჩა, პარკი, სკვერი და სხვა) და გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის განვითარების ხედვა (მაგ. ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვა).

კონკურსთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე კონკურსის ორგანიზატორები, ჟიურის წევრები, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.  კონკურსის მიზანია თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ სტუდენტები, რომელთაც საშუალება ეძლევათ საკუთარი იდეები საინტერესოდ წარმოაჩინონ და არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში ინოვაციური პროექტები შექმნან.

Peter Moennig გერმანულ კერძო არასამთავრობო ფონდს წარმოადგენს, რომელიც საქმიანობას საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიების კუთხით ახორციელებს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო არქიტექტურა და ურბანული ხელოვნებაა. ფონდი ეძებს ინოვაციურ და არასტანდარტულ იდეებს არქიტექტურასა და ურბანიზმში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სათანადო დაფინანსებას სთავაზობს.

საკონკურსო წინადადებები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, თბილისის განვითარების ფონდის ოფისში, მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. N48, მე-2 სართული.  კონკურსის საპრიზო ფონდი ჯამში 14 000 ლარს შეადგენს, სადაც გამარჯვებული იდეის ავტორი 7 ნომინაციაში გამოვლინდება. პირველ და მეორე ადგილზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, თითოეული 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნომინანტებს ფასიანი პრიზები გადაეცემათ.

კონკურსის შედეგების გამოცხადება და საუკეთესო პროექტების ავტორების დაჯილდოება მოხდება ოქტომბერში თბილისობის დღესასწაულზე.