"მწვანე ტბაში" ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე ტბაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტბაში დაახლოებით, 18 მეტრის სიღრმეზე ყუმბარმტყორცნები და საბრძოლო იარაღია შენახული. ტბაზე ექსპედიცია ფლორისა და ფაუნის, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის და ტურისტული პოტენციალის შესასწავლად ავიდა. როგორც მყვინთავები ამბობენ, ყუმბარმტყორცნები შესაძლოა, კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში იყოს, რის გამოც მათ ნაპირზე გამოსატანად აუცილებელია გამნაღმველებთან ერთად მუშაობა.

"წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით ნიკოლაიშვილი ადგილობრივებსა და ტურისტებს ტბაში ბანაობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო სამართალდამცველებს ტბის იარაღისგან გასუფთავებისკენ მოუწოდებს.